მნიშვნელოვანისიახლეებისპორტი

ოლიმპიელების მსგავსად ყველა ის პარასპორტსმენი, რომელსაც არ აქვს მოგებული მედალი, ასევე 50 000 ლარის ოდენობის ჯილდოთი დაფასდება

“ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, პარალიმპიელებზე იგივე ოდენობის ჯილდოები გაიცემა, ყველა ის პარასპორტსმენი, რომელსაც არ აქვს მოგებული მედალი, ასევე 50 000 ლარის ოდენობის ჯილდოთი დაფასდება”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარალიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ორდენებზე წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ორდენები პარალიმპიელებს ხვალ გადაეცემათ.

“ჩვენ პარალიმპიურ თამაშებამდე გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, იგივე ოდენობის ჯილდოები იქნებოდა დაწესებული მედალოსნებისთვის და რა თქმა უნდა, ეს ჯილდეოები სათანადოდ გაიცემა უმოკლეს ვადებში. ამ შემთხვევაშიც მინდა აღვნიშნო, ყველა ის პარასპორტსმენი, რომელსაც არ აქვს მოგებული მედალი, ასევე 50 000 ლარის ოდენობის ჯილდოთი დაფასდება. თქვენი წარმატების დაფასება ჩვენი განსაკუთრებული ვალია.

ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა მედალოსნის დაჯილდოების თაობაზე, ისინი არიან წარდგენილი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე. ასევე ირმა ხეცურიანი არის წარდგენილი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე და მწვრთნელები არიან წარდგენილი შესაბამის ჯილდოებზე. ორდენებზე წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება არის უკვე მიღებული და ეს ორდენები, უმაღლესი ჯილდოები ხვალ გადმოგეცემათ და წინასწარ მინდა მოგილოცოთ.

მადლობა მინდა გადავუხადო პარალიმპიურ კომიტეტს, პირადად ბატონ რატის, განსაკუთრებული ძალისხმევისა და გულითადად მუშაობისთვის, მთელი სული და გული აქვს მას ჩადებული პარასპორტის განვითარებაში და მადლობა მას მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის, ბუნებრივია, ყველა შესაბამის ფედერაციას, მადლობა მინდა გადავუხადო კულტურისა და სპორტის მინისტრ ქალბატონ თეა წულუკიანს და მთლიანად სამინისტროს, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული იმ წარმატების მიღწევაში, რომელიც აქვს ჩვენს პარასპორტს ზოგადად და პარალიმპიურ გუნდს და მადლობა თითოეულ თანამშრომელს იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მათ აქვთ შეტანილი ჩვენს წარმატებაში.

მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელებს, ექიმებს, ტექნიკურ ჯგუფს და კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა პარალიმპიელებს, თქვენი გამარჯვება იყო თითოეული ქართველის, თითოეული გულშემატკივრის განსაკუთრებული სიამაყის საგანი და მადლობა იმ სიამაყისა და სიხარულისთვის, რომელიც განგვაცდევინეთ”, – განაცხადა პრემიერმა.
2012 წლის ჩათვლით, მხოლოდ სამ სპორტსმენს ჰქონდა მიღებული მონაწილეობა პარალიმპიურ თამაშებში, 2024 წლის პარიზის თამაშებში კი უკვე 14-მა პარალიმპიელმა მიიღო მონაწილეობა და აქედან ცხრა პარასპორტსმენი სამშობლოში პარალიმპიური მედლით დაბრუნდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარალიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პარალიმპიელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ უნიკალური შედეგის მიღწევაში.

„მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ უდიდესი წარმატებისთვის, რომელიც თქვენ გვაჩუქეთ. ჯერ ოლიმპიელებმა გვაჩუქეს რამდენიმეკვირიანი ზეიმი და ეს ზეიმი დიდი წარმატებით გააგრძელეს ჩვენმა პარალიმპიელებმა, რომლებმაც უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პარასპორტი ძალიან დიდი წარმატებით ვითარდება. 2012 წლის ჩათვლით, მხოლოდ სამ სპორტსმენს ჰქონდა მიღებული მონაწილეობა პარალიმპიურ თამაშებში და 2024 წლის პარიზის თამაშებში უკვე 14-მა პარალიმპიელმა მიიღო მონაწილეობა, რაც, რა თქმა უნდა, იმ ძალისხმევის შედეგია, რომელიც პარალიმპიურმა კომიტეტმა და თითოეულმა იმ ადამიანმა გასწია, რომელიც ამ წამოწყების გულშემატკივარია. განსაკუთრებული მადლობა კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს პარასპორტს. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს წარმატებაში.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ 14 მონაწილიდან ცხრა პარასპორტსმენი დაბრუნდა სამშობლოში პარალიმპიური მედლით, რაც ნამდვილად უნიკალური შედეგია. ამ შემთხვევაშიც საუკეთესო შედეგი გვქონდა გუნდურ ჩათვლაში, ისევე როგორც ოლიმპიური თამაშების შემთხვევაში. აქაც ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია საქართველოს გუნდმა, რაც ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანია. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მედალოსანს, მადლობა გადავუხადო ანა ჯაფარიძეს, რომელმაც პირველმა მოიგო მედალი და, ბუნებრივია, პირველ მედალს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გუნდის სულისკვეთების გაძლიერებისთვის. მადალობა პარალიმპიურ ჩემპიონს, გიგა ოჩხიკიძეს, რაც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევა იყო. ყველა ძალიან გგულშემატკივრობდით თქვენ, ცოტა გვანერვიულეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სიმართლემ გაიმარჯვა. მადლობა გიგა ოჩხიკიძეს პარალიმპიური ოქროს მედლისთვის. მადლობა ვიცე-ჩემპიონებს – ლადო ჭინჭარაულს, ზურაბ ზურაბიანს, რევაზ ჩიკოიძეს და გიორგი ქალდანს. ასევე, ძალიან დიდი მადლობა ბრინჯაოს პრიზიორებს – ნინო თიბილაშვილს, ინა ქალდანს და აკაკი ჯინჭარაძეს“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა იმ პარალიმპიელებს, რომლებმაც მედალი ვერ მოიპოვეს და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანის წვლილი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო საერთო წარმატებაში.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პარალიმპიური თამაშების იმ მონაწილეებს, რომლებსაც ამ შემთხვევაში არ გაუმართლათ, ვერ მოიგეს მედალი. პირველ რიგში, მადლობა ირმა ხეცურიანს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენს ქვეყანაში პარასპორტის განვითარებაში. მადლობა ლია ჩაჩიბაიას, დავით ქავთარაძეს, გიორგი ნიკოლაძეს, ლაშა ხიზილაშვილს, თითოეული თქვენგანის წვლილი განსაკუთრებული იყო იმ საერთო წარმატებაში, რომელსაც ჩვენმა გუნდმა მიაღწია“, – განაცხადა პრემიერმა.

დიდი სიხარულითა და სიამაყით ვხვდებით სამშობლოში დაბრუნებულ ჩვენს სპორტსმენებს, რომლებმაც წარმატებით იასპარეზეს პარალიმპიურ თამაშებზე და გული ბედნიერებით, აღფრთოვანებით აგვივსეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარალიმპიელების დახვედრის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პარალიმპიადაზე საქართველომ შესანიშნავ შედეგებს მიაღწია და სპორტსმენებმა საქართველოსთვის რეკორდული რაოდენობის მედლები მოიპოვეს.

„ძვირფასო პარალიმპიელებო, თქვენი შრომით, ბრძოლისუნარიანობითა და ძლიერი სულით დაამტკიცეთ, რომ შეუძლებელი არაფერია. თქვენი წარმატების გზა მხოლოდ მედლებსა და გამარჯვებებს არ უკავშირდება, არამედ ბარიერების გადალახვასა და გამოწვევებთან გამკლავებას. თითოეულმა თქვენგანმა დაამტკიცა, რომ სიძლიერე, უპირველეს ყოვლისა, მტკიცე სულითა და გამარჯვების უშრეტი ჟინით განისაზღვრება. თქვენი წარმატება თქვენი დიდი ძალისხმევისა და, ასევე, თქვენი ოჯახების, მწვრთნელებისა და მთელი ქართული საზოგადოების მხარდაჭერის შედეგია. დიდი მადლობა ყველას, ვინც თქვენთან ერთად იყო ჩართული გამარჯვებისთვის ბრძოლაში. გულითადად გილოცავთ მიღწეულ შედეგებს და მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ასახელეთ საქართველო და შთაგონების წყაროდ იქეცით მრავალი ადამიანისთვის ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. კეთილი იყოს თქვენი სამშობლოში დაბრუნება. მიხარია, რომ თქვენს გამარჯვებებს ერთად აღვნიშნავთ. თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაა, თქვენი ისტორიები კი მომავალი თაობებისთვის იმედისა და ინსპირაციის წყაროა. ყოველთვის თქვენ გვერდით გვიგულეთ. ხელს შეგიწყობთ, რათა ყოველთვის გქონდეთ შემდგომი განვითარებისა და გამარჯვებების მოპოვების შესაძლებლობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, რატი იონათამიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, განსაკუთრებით გადაგიხადოთ მადლობა იმ ბრძოლისთვის, რომელიც თქვენ აჩვენეთ პარალიმპიადის დროს. მსურს, განსაკუთრებით გამოვყო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, რატი იონათამიშვილის წვლილი, ამ სპორტული შეჯიბრებების მიღმაც. ყოველთვის თანაზიარი ვართ იმ პროცესების, რომელიც არის თქვენს ფედერაციაში, კომიტეტში. როგორი განვითარება და წინსვლაა, ამ შედეგებს ყველა ერთად ვხედავთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button