უფასო სარეკლამო დრო11 პოლიტიკურ სუბიექტზე გადანაწილდება

უფასო სარეკლამო დრო, ხუთი პოლიტიკური სუბიექტის ნაცვლად, 11-ზე გადანაწილდება.
შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში” პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს 80 დეპუტატმა მისცა ხმა. კანონპროექტის თანახმად, უფასო სარეკლამო დროით ისარგებლებს ყველა პარტია, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს. ამასთანავე, მაუწყებლის მიერ გამოსაყოფი უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობა არ იზრდება.
პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს არასაპარლამენტო ოპოზიციაში აპროტესტებენ და მას არაკონსტიტუციურს უწოდებენ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას, პოლიტიკური პარტიებისათვის უფასო სარეკლამო დროის გადანაწილების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.
როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ანტიკონსტიტუციურია.