მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა უკრაინაში 2023 წელს 11 თვის განმავლობაში 2 000 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა 2023 წელს, 11 თვის განმავლობაში 2 000 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, კიდევ 11 000 კი დაშავდა.

კლიმენკოს თქმით, გასულ 11 თვის განმავლობაში რუსებმა 59 000-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს – თავდასხმა 24 რეგიონზე განხორციელდა. მისივე ცნობით, ყველაზე მეტჯერ ცეცხლი ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის, სუმის და ჩერნიჰივის ოლქებს გაუხსნეს.

კლიმენკო ამბობს, რომ 2023 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით, უკრაინელმა სამართალდამცველებმა 101 000-ზე მეტი სამხედრო დანაშაული აღრიცხეს. რუსების სამხედრო დანაშაულებს შორისაა: ცეცხლის გახსნა, მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალაობა, დეპორტაცია და თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

11 ნოემბრის მონაცემებით, გაეროს მისიამ 10 000 მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალება დაადასტურა, დაღუპულთა შორის 560 ბავშვია.

4 დეკემბერს ღამით, უკრაინის ათამდე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიას 23 დრონით შეუტიეს ოკუპირებული ყირიმიდან. 1 საავიაციო რაკეტით შეტევა იყო ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან.

უკრაინელი სამხედროების თანახმად, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რაკეტა და 23-დან 18 უპილოტო საფრენი აპარატი. “საბრძოლო მოქმედებების შედეგად განადგურდა 18 უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი X-59 მართვადი რაკეტა. საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის სულ მცირე 9 რეგიონში”, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა არაფერს იუწყება მოუგერიებელი დრონებით დარტყმების შედეგებზე. მათ შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან საოლქო ადმინისტრაციებიც.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი და მისი შემოგარენი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 ადამიანი. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

“რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის გარეუბნის დაბომბვისას 3 კაცი დაშავდა. მათგან ორმა, 61 და 51 წლის მოქალაქეებმა ტვინის შერყევა მიიღეს. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს. მესამე, 46 წლის დაშავებული კი კლინიკაშია მოთავსებული. მას ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული – მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,” – ამბობს ხერსონის ხელმძღვანელი, რომან მროჩკო და ასევე აღნიშნავს, რომ 64 წლის კაცი ანტონივკას დაბომბვის შედეგად დაიღუპა.

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი კი ამბობს, რომ რუსეთი თავს დაესხა შუმენის რაიონში მდებარე საბავშვო ბაღს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა შენობის კედლები და ჩაიმსხვრა მინები. ანტონივკაში დაზიანდა 2 კერძო სახლი და გაზის მილი

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button