მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა დანაღმული ველების შესამოწმებლად მშვიდობიანი მოქალაქეები გამოიყენეს

ომის 342-ე დღე უკრაინაში - მძიმე ბრძოლები კვლავ გრძელდება

იბომბება ჩერნიგოვის რეგიონი. რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზე.
ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსმა სამხედროებმა დანაღმული ველების შესამოწმებლად მშვიდობიანი მოქალაქეები გამოიყენეს. ინფორმაციას ომის ამ დანაშაულის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

დონეცკის ოლქის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტი არტილერიით დაბომბეს.
რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
“რუსმა ოკუპანტებმა ოდესღაც მყუდრო ქალაქი ბახმუტი ნანგრევებად აქციეს. ზედიზედ რამდენიმე თვეა, ოკუპანტები მიზანმიმართულად კლავენ მის მცხოვრებლებს. რამდენიმე საათის წინ მომხდარი კიდევ ერთი დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანი ბიჭია…რუსები მიწასთან ასწორებენ ბახმუტს, კლავენ ყველას, ვისზეც ხელი მიუწვდებათ”, – წერს კირილენკო.
“გამოძიების თანახმად, 2023 წლის 31 იანვარს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს საცხოვრებელი ობიექტები ბახმუტში. დაბომბვის შედეგად დაიღუპა კაცი და 12 წლის ბიჭი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 5 მშვიდობიანი მოქალაქე.
“მათ აქვთ სხვადასხვა სახის დაზიანებები. უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება”, – აცხადებენ გენერალური პროკურორის ოფისში.

ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხარკივი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
“გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს კუპიანსკი, ვოლჩანსკი, სტრელეჩაია, დვურეჩნაია და ხარკივის, ჩუგუევსკის და კუპიანსკის ოლქების სხვა დასახლებები.
ვოლჩანსკის დაბომბვის შედეგად, სამწუხაროდ, 62 წლის მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაშავდა 83 წლის ქალი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, საშუალო სიმძიმის მდგომარეობით”, – თქვა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
სინეგუბოვის თქმით, ვოლჩანსკში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სამრეწველო ობიექტები, ეროვნული პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობა, ხოლო კუპიანსკში დაინგრა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი კორპუსები.
ამასთან, ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საომარი მოქმედებები ფრონტის ხაზზე გრძელდება, უკრაინელი დამცველები კი პოზიციებს იკავებენ და მტერს მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, ამჟამად უკრაინაში დაახლოებით, 326 000 რუსი ჯარისკაცი იბრძვის.

ბუდანოვის მტკიცებით, რუსეთში შორ მანძილზე მოქმედი „კალიბრის“ ტიპის რაკეტების რეზერვების მხოლოდ 9%-ია დარჩენილი. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პუტინი დაავადებულია განუკურნებელი კიბოთი და ჰყავს ბევრი ორეული.

რაც შეეხება უკრაინის სამხედრო დახმარებას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ “ჩელენჯერ 2-ის” ტანკები უკრაინაში სავარაუდოდ ზაფხულამდე ჩავა.
ნორვეგია “ლეოპარდ 2-ის” ტანკების ნაწილს უკრაინაში სავარაუდოდ მარტში გაგზავნის.
ამერიკა კი “ბრედლის” 60-ზე მეტ საბრძოლო მანქანას გზავნის. ტვირთი უკვე გაგზავნილია. მოიერიშე თვითმფრინავებით დახმარებაზე კი ბაიდენმა უარი განაცხადა. თვითმფრინავებს საომარ ვითარებაში მყოფ ქვეყანას ამ ეტაპზე არც ემანუელ მაკრონი უგზავნის.

მსგავსი პოსტები

Back to top button