მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა ხარკოვი ისევ დაბომბეს

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, წუხელ და დღეს დილით, რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს უკრაინის რამდენიმე რეგიონზე. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ცნობით, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 9 დაიჭრა ქალაქ ნიკოპოლში, რომელსაც რუსმა სამხედროებმა „გრად“-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარიდან ესროლეს 30-ზე მეტი ჭურვი. რეზნიჩენკოს ინფორმაციით, დაჭრილებს შორის 4 ბავშვია. დანგრეულია სამი კერძო სახლი და ათეულობით დაზიანებულია.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ დილით გახორციელებული შეტევისას ქალაქ ხარკოვის სალტივსკის რაიონში დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 13 წლის ბიჭი დაჭრილია მისი 15 წლის და. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 72 წლის ქალს.
„სამწუხაროდ, ოკუპანტების მიერ დილით ხარკივის სალტოვსკის დასახლების დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 13 წლის ბიჭი, კაცი და ქალი. 72 წლის ქალმა კი დაზიანებები მიიღო“ – განაცხადა სინეგუბოვმა.
ოლეგ სინეგუბოვის თქმით ეს ადამიანები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე იდგნენ და ოკუპანტებმა იერიში სწორედ მშვიდობიან მოსახლეობაზე მიიტანეს.

ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, სავარაუდოდ, ქალაქ ხარკივისა და რეგიონის თავისუფალი ტერიტორიების დაკავების ბრძანება გასცა.

ანალიტიკოსების ცნობით, 26 ივნისიდან რუსული ძალები ცდილობენ ხარკივის ჩრდილოეთით არსებული სოფლის, დემენტიევკას დაკავებას, რომელსაც რუსეთის ფედერაციისთვის უკრაინის შეტევისგან თავდაცვისთვის გარკვეული მნიშვნელობა აქვს.

გარდა ამისა, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გაასაჯაროვა დიალოგის ნაწილი, რომელშიც რუსი ჯარისკაცი ჩივის, რომ მისი მეთაური ადამიანური და მატერიალური დანაკარგების მიმართ გულგრილია, ვინაიდან მას ხარკივამდე მიღწევა სურს.
ხარკოვი ოკუპანტებმა დღეს, 20 ივლისს, დილის საათებში დაბომბეს, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გრძელდება შეტევები დომბასზეც თუმცა რუსეთს ისევ მინიმალური წარმატებები აქვს, უკრაინის შეიარაღებული ძალები კი, პოზიციების დაცვას განაგრძობენ. ასეთია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასება, რომელიც სამხედრო დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ე.წ. ხელისუფლების მიერ 19 ივლისს გავრცელებულ ცნობებზე, რომ უკრაინელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს მდინარე დნეპრზე არსებულ ანტონოვსკის ხიდზე. სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ხიდის სავალი ნაწილი დაზიანებულია.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ხიდით სარგებლობა სავარაუდოდ, ისევ შესაძლებელია, თუმცა, რუსი სამხედროებისთვის სუსტ ადგილად იქცა. ეს რაიონი ერთ-ერთია დნეპრზე არსებული ორი პუნქტიდან, საიდანაც რუსეთს შეუძლია ჯარის გადაადგილება, ან მისი მომარაგება მდინარიდან დასავლეთით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ამ ზონაში შედის ქალაქი ხერსონი, რომელსაც, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსეთისთვის პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ამ რაიონში დნეპრის დინება ბუნებრივ ბარიერს ქმნის და დაახლოებით 1000 მეტრის სიგანისაა. ბრიტანული სამხედრო დაზვერვის შეფასებით, დნეპრზე გადასასვლელების კონტროლი იქცევა გადამწყვეტ ფაქტორად რეგიონში საბრძოლო მოქმედებების შედეგისთვის.
ბოლო ხანს, უკრაინის შეიარაღებული ძალები ინტენსიურად უტევენ რუსული არმიის პოზიციებს ოკუპირებულ ხერსონის ოლქში. უკრაინელი სამხედროები ამ მიმართულებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც აშშ-ისგან მიიღეს სარაკეტო სისტემები HIMARS-ი.
10 ივლისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ბრიტანულ გამოცემა Sunday Times-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების სარდლობას დაავალა რუსი სამხედროებისგან ქვეყნის სამხრეთ ტერიტორიების გათავისუფლების გეგმის შემუშავება და განხორციელება.

12 ივლისს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ როცა ქვეყნის პრეზიდენტი სამხედროებს ამოცანას აძლევს, ეს ეხება არა მხოლოდ ხერსონის ოლქს, არამედ მთელი ქვეყნის დეოკუპაციას. დანილოვის თქმით, ყველა ტერიტორია ერთდროულად ვერ გათავისუფლდება, მაგრამ უმაღლესი მთავარსარდლის მიერ დასახული ამოცანაა აგრესორისგან ყველა ტერიტორიის გათავისუფლება და ეს მხოლოდ დროის და რიგითობის საკითხია.

უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში, რომლებსაც ამჟამად რუსეთი აკონტროლებს, კრემლის მიერ დანიშნული ე.წ. ადმინისტრაციები ამზადებენ “რეფერენდუმებს” უკრაინის ამ რეგიონების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესასვლელად.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა. უკვე რამდენიმე კვირაა, ძირითადმა საბრძოლო მოქმედებებმა უკრაინის სამხრეთ ნაწილში გადაინაცვლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button