მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა სოფელ დვანთან ახალი ნიშნულები გაავლეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანთან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი კონსტრუქცია განათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მცხოვრებლები ავრცელებენ.

მათი თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კონსტრუქციები 300-მეტრიანი დაშორებით დაამონტაჟეს. ისინი მავთულხლართებიდან დაახლოებით 20-30 მეტრით არის დაშორებული. დვანელების თქმით, ე.წ. მესაზღვრეები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მეორე კვირაა რაც მუშაობენ და საინჟინრო ნაგებობებს ამონტაჟებენ, მავთულხლართების გარდა იქ ორი სათვალთვალო ჯიხურიც ჩადგეს. ადგილზე პატრულირებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.

„დვანის სკოლის უკან, ფერდობზე ჯიხური დადგეს, იქვე მავთულხლართებსაც ამონტაჟებდნენ, ვხედავდით, სამი კაცი მუშაობდა ამ დღეების განმავლობაში. ღობეებს მიღმა მოსახლეობის სახნავ-სათესი ფართობები და საძოვრები არის მოქცეული, იქით ვეღარც ადამიანები მიდიან დაჭერის შიშით და ვეღარც საქონელი გაჰყავთ“, – აცხადებენ დვანის მცხოვრებლები.

ადგილობრივები მედიასთან სოფელში არსებულ რთული ვითარებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხშირად გადაადგილდებიან, იტაცებენ მოსახლეობას და იზოლატორში გადაჰყავთ.

“ჩვენი სასაფლაოებიდან 200 მეტრში არიან. თუ 50 მეტრსაც მიუახლოვდები ეგრევე რეაქცია აქვთ, გაფრთხილებენ, რომ არ გაინძრე, უნდა აგიყვანონ,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ სოფლის ოკუპირებულ ნაწილში პერიოდულად ხორციელდება უკანონო სამუშაოები, რაზეც ცენტრალურ ხელისუფლებას მყისიერი რეაგირება აქვს. თითოეული მსგავსი ფაქტი ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მკაცრი რეაგირების ობიექტია. როგორც მედიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ინციდენტის დაფიქსირებისთანავე, უწყებამ ევროკავშირის მიერ ოპერირებული ე.წ. ცხელი ხაზი გაააქტიურა და ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებს აცნობა.

აღნიშნულ ქმედებას ქართული მხარე მკაცრად დააყენებს “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” შეხვედრების მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც მაისის დასაწყისში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ახალი საგუშაგოების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად, ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. ქაცარავა წერდა, რომ სოფელ დვანში, ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში საოკუპაციო რეჟიმმა, უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში, 2 ახალი საგუშაგო ჩადგა. მანამდე სუს-ი დუმდა.

მცოცავი ოკუპაციის და ბორდერიზაციის განახლების საკითხი ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იქნება ჟენევის და ერგნეთის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრებზე, რომლებიც მომდევნო თვეებში გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button