მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა უკრაინის სხვადასხვა ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის ხმა ისმის. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სხვადასხვა ოლქზე მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, 9 მარტს, რუსეთმა უკრაინის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მასირებული შეტევისას გამოიყენა 81 ფრთოსანი და მართვადი საავიაციო რაკეტა და 8 უპილოტო საფრენი აპარატი.

გენერალ ზალუჟნის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 34 ფრთოსანი რაკეტა და 4 უპილოტო საფრენი აპარატი, 8 მართვადმა საავიაციო რაკეტამ კი, სამიზნეებამდე ვერ მიაღწია.უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რუსეთი ისევ დაუბრუნდა მასირებული სარაკეტო დარტყმების „საცოდავ ტაქტიკას“ და ერთადერთი, რაც ოკუპანტებს შეუძლიათ, მშვიდობიანი მოქალაქეების დატერორებაა.

ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელა კიევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ლვოვის, ივანო-ფრანსკოვსკის, ჟიტომირის და ვინიცის ოლქების კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ სახლებზე.

კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემა და მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ მარჩენკოს ინფორმაციით, მასირებული სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და საცხოვრებელი სახლები. მარჩენკომ ოდესის ოლქის მცხოვრებთ მიმართა, თავშესაფრებში დარჩნენ.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 15-მდე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ქალაქ ხარკოვის და ხარკოვის ოლქის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე.

წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაღუპულია 6 მშვიდობიანი მოქალაქე.
რამდენიმე აფეთქება მოხდა დედაქალაქშიც. დაიღუპა 2 ადამიანი. ლვოვში იერიშებს 4 ადამიანი ემსხვერპლა. 6 ადამიანი დაშავდა ნიკოპოლში, მათგან 2 ბავშვია.

შეგახსენებთ, წუხელ, რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ დრონებისა და რაკეტების გამოყენებით კიდევ ერთი მასიური თავდასხმა განახორციელეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button