„ქართული ოცნების“ პარლამენტი აპირებს მაუწყებლებისთვის დაწესებული შეზღუდვები ონლაინმედიასა და სოციალურ ქსელებზეც განავრცოს

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული მედიის შემზღუდველი კანონი ონლაინ მედიებზეც გავრცელდება. ეს ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ დღეს დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე თქვა.
გორდულაძის თქმით, პირველიდან მეორე მოსმენამდე კანონპროექტს ონლაინმედიის რეგულირების საკითხიც დაემატა.
“პირველ მოსმენის დროს გაჟღერებული იქნა, რომ ე.წ. ონლაინმედიებზეც უნდა გავრცელდეს ქცევის ის სტანდარტი, რაც ზოგადად მაუწყებლებისთვისაა გათვალისწინებული, გამომდინარე იქიდან, რომ იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები და ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალებებით ხდება ინფორმაციის გავრცელება, ამ ყველაფერზე საკანონმდებლო ცვლილებებიც უნდა არსებობდეს.
სწორედ ამიტომ, წარმოდგენილ კანონპროექტში განიმარტება, თუ რა არის ინტერნეტ მომსახურება და ინტერნეტმომსახურების ცნების განმარტებისას გამოყენებული იქნება დეფინიცია, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინტერნეტსაშუალების განკუთვნილ ინტერნეტდომეინის ანდა ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, ასევე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე, მათ შორის, სოციალურ ქსელში, ინფორმაციის განთავსება. ეს იქნება ინტერნეტმედია მომსახურების განმარტება.
ინტერნეტ მედია მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე განსახორციელებლად ერთპიროვნულად ფლობს ან სხვასთან ერთად იყენებს ინტერნეტდომეინს და ინტერნეტჰოსტინგს. ესაა შინაარსი”- თქვა გორდულაძემ.
მაუწყებლის შესახებ კანონს პირველი მოსმენით არალეგიტიმურმა პარლამენტმა მხარი 4 მარტს დაუჭირა.
ცვლილებების თანახმად, “აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულებების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება”.
გარდა ამისა, კანონპროექტიდან ირკვევა, რომ იკრძალება “უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება”.
ამასთან, კანონს ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც, “დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება”.
„დღეს ტელევიზიასთან, რადიოსთან შედარებით, საზოგადოებრივ აზრზე გაცილებით მეტი გავლენა შეიძლება მოახდინოს სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ. არსებობს ინფორმაციის სხვა საშუალებებიც, მაგრამ სოციალური ქსელები მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა. კარგი იქნება, თუ დავიწყებთ მუშაობას ამ სფეროში რეგულირებაზეც, რათა ადამიანის ღირსება, პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი იმ მიზნით, რომ ადამიანები დავიცვათ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
იმ დღეს, 4 მარტს, სადავო პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღეს. პროექტით, სრულად იკრძალება უცხოური დაფინანსება, წესდება ახალი შეზღუდვები ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში, მკაცრდება კონტროლი და სადამსჯელო ზომები.
ცუდ მოლოდინს ამძიმებს უნდობლობა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ, რომელსაც „ოცნება” კონტროლისა და დასჯის არეალს უფართოებს. სუსტდება მედიის თვითრეგულირების მექანიზმი.