ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საარჩევნო უბანზე თავდასხმის შვიდი მონაწილე დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა ათი ადამიანის დაკავების შესახებ, საქმე ეხება 1 მარტს გაგრის რაიონში „საარჩევნო უბანზე“ მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას. დაკავებულებს შორის არიან ოპოზიციონერი და „საპრეზიდენტო კანდიდატის“ ადგურ არძინბას ახლობლები.
„შსს-ს თანამშრომლებმა 5-6 მარტის ღამეს ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე განხორციელებული თავდასხმის შვიდი მონაწილე დააკავეს“, – აღნიშნა წყარომ მედიასთან საუბარში.
დაკავებულთა შორის არიან 46 წლის ადამურ ფაჩალია, 49 წლის ბატალ ფაჩალია, 33 წლის ტიმურ ფაჩულია, 46 წლის ალხას მიკანბა, 44 წლის ანრი ხაგბა, 50 წლის ახრა ფაჩალია და 35 წლის საიდ არძინბა დააკავეს. მანამდე კი ე.წ. სამინისტრომ, მომხდართან დაკავშირებით სამი პირი დააკავა.
„ასევე ამოღებულია დამნაშავეების კუთვნილი დიდი რაოდენობით იარაღი: ავტომატები, პისტოლეტები, ხელყუმბარები და მათთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა“, – იუწყება Апсны.Иахьа ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
მანამდე, ამ საქმეზე რაფაელ გუაზაა, იგორ ორჩუკბა და ნურიკ სმირი დააკავეს.
„საარჩევნო უბანზე“ მომხდარი ინციდენტის შემდეგ სროლა იყო მიუსერის პოლიციის საგუშაგოსთანაც. დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის, ადგურ არძინბას ნათესავი ნურიკ სმირი. ოპოზიციურმა Telegram-ის არხმა RESPUBLICA-მ გამოაქვეყნა კადრები, ირწმუნებიან რომ „პოლიციელებმა, (შინაგან საქმეთა მინისტრის) რობერტ კიუტის ბრძანებით, ესროლეს მიმავალ ავტომობილს“.
კიუტმა კი განაცხადა, რომ „თანამშრომლები პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხის შემთხვევაში მოქმედებას მკაფიოდ არეგულირებს“ და „დამნაშავეები არჩევნების ჩაშლას და ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობდნენ“.
გუშინ, ტელეკომპანია Россия-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის ლიდერის ადგურ არძინბას გარემოცვის რამდენიმე წარმომადგენელი ჩვენების მისაცემად რუსეთში გაემგზავრა. რუსეთში 1 მარტს სისხლის სამართლის საქმე აღიძრეს რამდენიმე – მათ შორის, ტერორიზმის მუხლით, „აფხაზეთის მოქალაქეობის მქონე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართ ჩადენილი სამართალდარღვევისა და დანაშაულის ფაქტებზე“.
„საგამოძიებო კომიტეტში შეახსენებენ, რომ ოპოზიციონერის მხარდამჭერებს სისხლისსამართლებრივი დევნისგან თავის არიდება შეუძლიათ – ეს შეეხება მათ, ვინც ტერაქტის აღკვეთას, ორგანიზატორების და დამფინანსებლების გამოვლენას შეუწყო ხელი“, – ნათქვამია რუსული ტელეარხის სიუჟეტში.
წყაროს ცნობით, დაკავებულების ჩხრეკისას ავტომატები, პისტოლეტები, ასევე ხელყუმბარები და სხვა საბრძოლო მასალა ამოიღეს.