მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპირებულ მელიტოპოლსა და ხერსონში პირველი რუსული პასპორტების დარიგება დაიწყეს

საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ 10 ათასამდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

11 ივნისიდან რუსეთის პასპორტების გაცემა დაიწყო უკრაინის ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ინფორმაციას ამის შესახებ, ვლადიმირ როგოვმა გაავრცელა, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო მედიები “სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციული საბჭოს წევრად” მოიხსენიებენ.

ზაპოროჟიეს რეგიონის, როგორც მას რუსული სახელმწიფო მედია უწოდებს, “სამხედრო–სამოქალაქო ადმინისტრაციის მთავარი საბჭოს” წევრმა ვლადიმერ როგოვმა თქვა, რომ რუსეთის პასპორტისთვის საბჭოს 70 ათასზე მეტმა მაცხოვრებელმა მიმართა. ომამდე უკრაინის ამ რეგიონში 1,6 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

ქალაქ ხერსონში, სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, პირველ დღეს 23 მაცხოვრებელი მივიდა ახალი პასპორტებისთვის. მათ შორის იყო რეგიონის საოკუპაციო “სამხედრო–სამოქალაქო ადმინისტრაციის” ხელმძღვანელი ვლადიმერ სალდო, რომელიც მანამდე ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა.

უკრაინის მთავრობა პასპორტების გაცემას რუსული პროპაგანდის ელემენტად მიიჩნევს, რაც “შესაძლებელს გახდის ამ პასპორტების დარიგებით სატელევიზიო შოუს მოწყობას, რომლის მთავარ როლში კრიმინალური გარეგნობის რამდენიმე ათეული კოლაბორანტი იქნება”.

აშშ-მა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული მინიჭების შესახებ პუტინის გადაწყვეტილება შეაფასა როგორც უკრაინის ხალხის დამორჩილების მცდელობა.
რუსეთის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 12 ივნისს აღინიშნება, ხერსონში 23 პასპორტი დაარიგეს.

25 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გაცემა გაადვილებულად მოხდება.

გარდა ამისა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ 10 ათასამდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, – იუწყება უკრაინული პორტალი ТСН-ი.

უფლებადამცველ მარკ ფეიგინთან ინტერვიუში არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის დასაწყისში დღეში საშუალოდ 100 უკრაინელი სამხედრო იღუპება. რუსეთის არმიის დანაკარგი დღეში საშუალოდ 1000 ჯარისკაცს შეადგენს. ახლა, არესტოვიჩის გათვლებით, რუსეთის არმია ყოველდღე 200-300 ჯარისკაცს კარგავს.

მანამდე უკრაინის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა თქვა, რომ ახლა უკრაინელი სამხედროების დანაკარგები დღეში 100-დან 200 ადამიანამდეა. ამ მონაცემების საბრძოლო პირობებში გადამოწმება შეუძლებელია.

არესტოვიჩმა და პოდოლიაკმა აღნიშნეს, რომ ასეთი დანაკარგების მიზეზია რუსული არმიის მნიშვნელოვანი უპირატესობა არტილერიის შესაძლებლობების მხრივ.

რუსული არმიის დანაკარგების შესახებ ცნობები მანამდე დასავლური წყაროების მითითებით არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა. ასე მაგალითად, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებში ტელეკომპანია BBC-ის თანამოსაუბრის თანახმად, ომში 24 თებერვლის შემდეგ დაიღუპა დაახლოებით 20 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე. რუსეთის ჯარები ყველაზე დიდ დანაკარგებს ლუგანსკის რეგიონის დასავლეთით მიმდინარე ბრძოლებში განიცდიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბოლოს ოფიციალურად მარტში გამოაცხადა “სპეცოპერაციის” დროს დაღუპულ რუს ჯარისკაცთა რაოდენობა, რომელიც კრემლის თანახმად 1,351-ს არ აღემატებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button