ოკუპირებულ ცხინვალს შესაძლოა “ალანიის სახელმწიფო” დაარქვან

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ოკუპირებული რეგიონისთვის სახელის გადარქმევის მიზნით, ე.წ. რეფერენდუმი დანიშნა. ამის შესახებ დე ფაქტო რეჟიმის ლიდერის მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც ოკუპირებული რეგიონის მედია ავრცელებს.

თიბილოვის განცხადებით, ე.წ. რეფერენდუმი 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება და მასზე გატანილი იქნება საკითხი ოკუპირებული რეგიონის დასახელებაში დაემატოს ფორმულირება – “ალანიის სახელმწიფო”.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო ლიდერის ე.წ. ბრძანებაში აღნიშნულია კითხვის ფორმულირება, რომელსაც რესპუბლიკის მოსახლეობამ უნდა უპასუხოს:

“თანახმა ხართ, თუ არა კონსტიტუციის პირველი თავის პირველ მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანიის სახელმწიფო – სუვერენული, დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა რესპუბლიკის მოსახლეობის თვითგამორკვევის საფუძველზე. სახელწოდება – სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და ალანიის სახელმწიფო ერთი და იგივეა“.

დეფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, “ქვეყანა” უნდა ატარებდეს მათ სახელს, ვინც ის შექმნა. მისი თქმით, უნდა აღორძინდეს ალანიის ძველი სახელწოდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button