ოკუპირებულ ცხინვალში მასშტაბური სპეცოპერაცია ტარდება

დღეს საღამოს, 25 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცხინვალში მიმდინარეობს სპეცოპერაცია, რაც დაკავშირებულია „მაღალი რანგის თანამდებობის პირზე თავდასხმასთან“.
ამავე წყაროს თანახმად, ოპერაციაში 100-მდე ოფიცერია ჩართული და ექვსი ადამიანი უკვე დაკავებულია.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სამთავრობო უწყებებს არ დაუზუსტებიათ, კონკრეტულად რას უკავშირდება ოპერაცია.
თუმცა ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეგრამ-გვერდი იუწყება, რომ სპეცოპერაციას წინ უძღოდა შეიარაღებული პირების შეჭრა „საბაჟო კომიტეტის“ თავმჯდომარის, ალექსანდრე ჩოჩიევის ოფისში, – მას გარკვეული მოთხოვნები წაუყენეს და სცემეს.
დე ფაქტო შსს-ის ცნობით, ეჭვმიტანილთა ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის დროს იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. ასევე ნაპოვნია მოსკოვის მიმართულებით ორი ბილეთი.