მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მედია – სუმის ქიმიურ ქარხანაში ამიაკის გაჟონვა მოხდა

უკრაინის ქალაქ სუმის მახლობლად მდებარე ქიმიური საწარმოდან „სუმიხიმპრომ“-იდან ამიაკმა გაჟონა. ადგილობრივი საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დმიტრო ჟივიცკიმ კიევის დროით 06:31 საათზე, ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ დაბინძურების ზონის რადიუსი დაახლოებით 5 კილომეტრია. ქიმიურ წარმოებაში გამოყენებული ამიაკი უფერო, მკვეთრი სუნის მქონე აირია.

ჟივიცკი არ აკონკრეტებს, რამ გამოიწვია ამიაკის გაჟონვა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოსახლეობას მიმართავს, მაქსიმალურად დახურულ სივრცეებში დარჩნენ, სუნის შეგრძნების შემთხვევაში კი, ძმრის, ან ლიმონმჟავის 5%-იანი ხსნარით გაჟღენთილი დოლბანდით ისარგებლონ.

პირველი შეტყობინებიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, დმიტრო ჟივიცკიმ ტელეგრამზე გამოქვეყნა განახლებული ინფორმაცია, რომ დაბინძურების ზონის რადიუსი დაახლოებით 2.5 კილომეტრია და ქარის მიმართულების მიხედვით, საფრთხის ქვეშაა სოფელი ნოვოსელიცა.

“ყურადღება! 21.03.2022, დილის 04.30 საათზე “სუმიხიმპრომიდან” ამიაკის გაჟონვა მოხდა!”, დაწერა მან სოციალურ ქსელში.

„ამჟამად დაზიანებული ტერიტორია დაახლოებით 2,5 კმ-ია. ქარის მიმართულება და საფრთხის ქვეშ მყოფი დასახლებები: სოფელი ნოვოსელიცა. ქარხნის საავარიო ბრიგადები და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ. სუმის საფრთხე ჯერ არ ემუქრება. (ქარის მიმართულება ქალაქისკენ არ არის მიმართული),“ – აცხადებს ჟივიცკი.

ავარიის ადგილზე მუშაობენ საწარმოს სპეციალისტების და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბრიგადები.

უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი სუმი და მისი შემოგარენი არაერთხელ დაიბომბა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ.

მსგავსი პოსტები

Back to top button