მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მსოფლიოს ქვეყნის ლიდერების კომენტარები კაშხლის აფეთქებაზე

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა “ამერიკის ხმის” ცნობით, პირველი კომენტარი გააკეთა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაზე და თქვა რომ შტატები დაეხმარება უკრაინას.

ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა რა იქნებოდა მისი გზავნილი კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით:

“ჩვენ არ დავტოვებთ. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას”, – თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს სიტუაციის შეფასებას სამხრეთ უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებასთან დაკავშირებით.
NBC News-ის ცნობით, შეერთებული შტატები იძიებს სამხრეთ უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების გარემოებებს, მაგრამ ეჭვობს, რომ რუსეთი ამაში მონაწილეობდა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას დარწმუნებით არ შეუძლია თქვას, ვინ არის პასუხისმგებელი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დანგრევისთვის. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის თქმით, აშშ ყოველ ღონეს ხმარობს, რათა შეაფასოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დამნაშავე არის რუსეთი.

მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ მათ ხელთ არსებული სადაზვერვო მონაცემებით, სწორედ რუსეთმა გაანადგურა კაშხალი და ამ მონაცემების გასაჯაროებას უკვე სამშაბათს შეძლებენ.

შეკითხვას, თუ როგორ იმოქმედებს კაშხლის ნგრევა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, კირბიმ უპასუხა, რომ ამაზე მსჯელობა ნაადრევია.

უკრაინა რუს სამხედროებს ადანაშაულებს ადრე დანაღმული კაშხლის განზრახ დანგრევაში. რუსეთი, რომლის კონტროლქვეშ იყო კაშხალი, ირწმუნება, რომ ის არ აუფეთქებია და რომ კაშხალი უკრაინული დივერსიის შედეგად დაინგრა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ივნისს განაცხადა, რომ ელექტროსადგური რუსეთის ჯარებს ჰქონდათ დანაღმული და მათვე ააფეთქეს ის.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას უწოდა უკრაინის მიერ განხორციელებული დივერსიის შედეგი. პრორუსული ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კაშხალი რამდენიმეთვიანი დაბომბვის გამო დაინგრა.

მას მერე, რაც გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის ჯარებმა 6 ივნისს დილით ადრე ააფეთქეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ჯებირი, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის გადასარჩენად – ჩართულია ყველა სამსახური, ჯარები, მთავრობა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წევრებს ასევე აცნობეს, რომ სულ მცირე 150 ტონა მანქანის ზეთი ჩაიღვარა მდინარე დნეპრში, არსებობს 300 ტონაზე მეტის გაჟონვის რისკი.

ამ დროისთვის სამოქალაქო და სამხედრო მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ ყველაფრის გაკეთებას გააგრძელებს, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა შეძლოს.

“ვნახეთ შეტყობინებები კაშხლის აფეთქებისთვის რუსეთის პასუხისმგებლობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ის გასულ წელს უკანონოდ იქნა აღებული რუსეთის მიერ და მას შემდეგ, ის ოკუპირებული აქვთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ ცნობების შესაფასებლად და ვმუშაობთ უკრაინელებთან მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად. ვფიქრობ, ძალიან ადრეა იმის შეფასება, თუ რა გავლენას მოახდენს ეს უკრაინის კონტრშეტევაზე.

გარანტიას გაძლევთ, რომ უახლოეს დღეებში და კვირებში ნახავთ დახმარების დამატებით პაკეტებს. ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა შეძლოს”, – თქვა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა.

გუშინ, რუსულმა ძალებმა ხერსონში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რის შემდეგაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, ამ დროისთვის, ევაკუირებულია 1700-ზე მეტი ადამიანი.

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თქმით, აშკარაა, რომ კახოვკის კაშხლის ჩამონგრევა სამხრეთ ხერსონის რეგიონში არის “უკრაინაში რუსეთის შეჭრის კიდევ ერთი დამანგრეველი შედეგი”.

მისი თქმით, გაეროს არ აქვს წვდომა ინფორმაციაზე, რათა დამოუკიდებლად გადაამოწმოს მიზეზი.

“ჩვენ ყველამ ვნახეთ ტრაგიკული სურათები, რომლებიც დღეს გამოქვეყნდა მონუმენტური ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ უკრაინის ხერსონის რეგიონში.

დღევანდელი ტრაგედია არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რა საზარელი ფასი აქვს ომს ადამიანებზე. თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს”, – თქვა გუტერეშმა.

მისივე განცხადებით, საპასუხოდ გაერო და ჰუმანიტარული პარტნიორები უსწრაფეს დახმარებას გაუწევენ უკრაინას სასმელი წყლის, წყლის გამწმენდი საშუალებისა და სხვა საჭიროებების ჩათვლით.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ტელეფონით ესაუბრა უკრაინელ და რუს კოლეგებს.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოანმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინთან საუბარში უკრაინაში მიმდინარე ომის თემა და კახოვკის ჰესის აფეთქების მიუკერძოებელი გამოძიების მნიშვნელობა განიხილა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ანკარა მზადაა, წვლილი შეიტანოს კომისიის შექმნაში, რომელშიც რუს და უკრაინელ ექსპერტებთან ერთად შევლენ საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის გაეროსა და თურქეთის წარმომადგენლებიც.

ერდოანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან საუბარში მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური სასურსათო კრიზისის მოგვარებაში.

ამასთან, ერდოანმა სასარგებლო უწოდა გაეროსთან შემდგომ კოორდინაციას, რუსეთის ფედერაციიდან მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტისთვის ბარიერების მოხსნის საკითხზე.

ანკარა მზადაა გააგრძელოს ძალისხმევა რეგიონში სამართლიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, – განაცხადა ერდოანმა.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების ფონზე შეუძლებელია ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილება, ამიტომ მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების განახლების საკითხზე კონცენტრირება. მისი თქმით, ანკარა გააგრძელებს მტკიცე ძალისხმევას სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად.

რუსეთის პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, პუტინმა ერდოანთან სატელეფონო საუბარში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილა, მოსაზრებები გაცვალეს უკრაინასთან დაკავშირებით.

განცხადებაში არაფერია ნათქვამი ერდოანის ერთობლივი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “კიევის ხელისუფლება დასავლელი კურატორების მითითებით განაგრძობს საბრძოლო მოქმედებების სახიფათო ესკალაციას და სჩადის ომის დანაშაულებს, იყენებს ტერორისტულ მეთოდებს, ორგანიზებას უწევს დივერსიებს რუსეთის ტერიტორიაზე, ამის ნათელი მაგალითია ხერსონის ოლქში კახოვკის ჰესის ნგრევის ბარბაროსული აქცია, რამაც მასშტაბური ეკოლოგიური და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია”.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით, ერდოანთან „კახოვკის ჰესზე რუსული ტერორისტული აქტის ჰუმანიტარულ და ეკოლოგიურ შედეგებზე“ ისაუბრა, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის შესაძლო რისკის კონტექსტში და ერდოანს გადასცა კატასტროფის სალიკვიდაციოდ გადაუდებელი საჭიროებების სია.

ერდოანის ინიციატივაზე არც უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი. მასში აღნიშნულია “თურქეთის მნიშვნელობა უკრაინის ტერიტორიებიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანის საკითხში და მარცვლეულის შეთანხმების გაფართოებაში”.

6 ივნისს უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რუსეთმა ააფეთქა “მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი” და ეს არის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპაში ადამიანის ხელით გამოწვეული უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა.
კახოვკის ჰესი მდებარეობს ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა უარყო რუსი სამხედროების მიერ ჰესის აფეთქება და მომხდარს უწოდა “კიევის რეჟიმის მიზანმიმართული დივერსია”.
ანალიტიკოსების ნაწილი ერთ-ერთ ვერსიად იმას განიხილავს, რომ კაშხალი შესაძლოა, თავად დაინგრა საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეული დაზიანებების შედეგად.
კაშხლის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის გამო საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის წესების და კანონების დარღვევის და ეკოციდის მუხლებით.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერაქტის მუხლით.
როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.
………….

რუსეთისთვის ახალი ფსკერი იქნება, თუ დადასტურდება, რომ რუსული ძალები არიან პასუხისმგებელნი უკრაინულ კაშხალზე თავდასხმაზე, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ბრიტანეთის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურები ამჟამად იკვლევენ კაშხალის დანგრევის ფაქტს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ჯერ ნაადრევია.

„მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ თუ ეს არის მიზანმიმართული, ვფიქრობ, ეს იქნება ყველაზე დიდი თავდასხმა უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ომის დაწყების შემდეგ და, უბრალოდ, ასახავს ახალ ფსკერს, რაც ჩვენ დავინახეთ რუსული აგრესიისგან. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შემზარავი და არასწორია“, – განაცხადა რიში სუნაკმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button