რეგიონისაქართველოსიახლეები

“ოკუპირებული ტერიტორიებიდან, კარანტინში 150-მდე პირი იმყოფება”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მაგალითად კარანტინში, 150-მდე პირი იმყოფება. ასევე, სხვა სამედიცინო საჭიროებებისთვის მოსახლეობა იღებს უფასო სამედიცინო დახმარებას და ეს აუცილებლად გაგრძელდება. ქეთევან ციხელაშვილი დღეს საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ტახტისძირში იმყოფებოდა.

ის ჩავიდა სოფელში, სადაც ბოლო პერიოდში განხორციელებული ბორდერიზაციის შემდეგ, ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. აღნიშნა, რომ ადარდებთ საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოქალაქეების ბედი, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში, რომელიც დღითიდღე ემსგავსება აბსურდის თეატრს.

“უკვე არის გაფართოებული სამხედრო ბაზა. რთულია მდგომარეობა. ცხინვალს უწოდებენ მეორე სახელად სტალინირს, ე.წ. ლენინგორი უკვე გვაქვს ახალგორის სახელად, სადაც დღეს, 21-ე საუკუნეში ჩვენი ახალგაზრდები იძულებულები არიან, ატარონ პიონერთა ყელსახვევები და საბჭოთა დროის სიმღერები იმღერონ. ჩვენ ვცდილობთ, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ყველა არხით, მათ შორის, საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციასთანაც, რომელსაც აქვს წვდომა ამ რეგიონში, განსხვავებით სხვა ორგანიზაციებისგან, იმისთვის, რომ ახალგორის რაიონში, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონის დანარჩენ ტერიტორიაზე, დავეხმაროთ ყველაზე მოწყვლად ადამიანებს ჰუმანიტარული სხვადასხვა სახის დახმარებით და პაკეტებით”. – აღნიშნა ციხელაშვილმა.

მინისტრის თქმით, ყოველდღე ესმით სხვადასხვა სახის აბსურდული ბრალდება. ხორციელდება შეტევები მუდმივად ლუგარის ლაბორატორიაზე, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ხელოვნურად შეიტანოს კორონავირუსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

როგორც ციხელაშვილმა განმარტა, ეს დეზინფორმაცია ისეთ კატეგორიას განეკუთვნება, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button