მნიშვნელოვანი

„ომიკრონის“ 1096 შემთხვევაა დადასტურებული

ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1096 შემთხვევა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში „ომიკრონის“ 1009 შემთხვევა იყო დადასტურებული.
გასულ 24 საათში “ომიკრონის” შტამი კიდევ 87 პირს დაუდასტურდა.

“ომიკრონით” დაავადებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება – ექიმები ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვას პროგნოზირებენ

ომიკრონით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოსთან ერთად ყოველდღიურად მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოშიც.

ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ უახლოეს პერიოდში დაინფიცირებულთა 80%-ით უკვე ახალი მუტირებული შტამი იქნება. ექიმები ჯანდაცვის სექტორის პირველადი რგოლის გადატვირთვას პროგნოზირებენ და სიტუაციიდან გამოსავალს ვაქცინაციის გააქტიურებასა და რეკომენდაციების მაქსიმალურ დაცვაში ხედავენ.

პარალელურად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახალ პროტოკოლზე ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას ელის – საუბარია იზოლაციისა და კარანტინის ვადების შემცირებაზე.

“ჯოენის” სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი მაია კაშია ამბობს, რომ მოსალოდნელია ლეტალობის შემთხვევების ზრდაც.

ეპიდემიოლოგების ხმა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” მიმართ ტესტები, წინა შტამებთან შედარებით, ნაკლებად მგრძნობიარეა. ანუ შესაძლო ადამიანს ჰქონდეს ვირუსი და სიმპტომები და ტესტებით ვერ დადასტურდეს.

“საერთოდ არცერთი ტესტი მსოფლიოში 100%-იანი არ არის, მაგრამ “ომიკრონის” მიმართ კიდევ უფრო ნაკლებად მგრძნობიარეა არსებული ტესტები, ვიდრე დელტა შტამის მიმართ, განსაკუთრებით სწრაფი, მარტივი ტესტები და განსაკუთრებით პირველ დღერაფს, როცა ვირუსის კონცენტრაცია ჯერ ორგანიზმში მაღალი არ არის. ამიტომ, შესაძლებელია, რომ ტესტმა, განსაკუთრებით სწმა ტესტმა, PCR-ის შემთხვევაში ამის ალბათობა ნაკლებია ბევრად, სწრაფმა ტესტმა შესაძლოა ვირუსი ვერ დააფიქსიროს”, – თქვა ცერცვაძემ.

ამ მიზეზის გამო მან მოქალაქეებს ურჩია ტესტირება სიმპტომების აღმოჩენის მეორე დღეს ჩაიტარონ.

საქართველოში უკვე აღრიცხულია “ომიკრონის” შტამით ინფიცირების 1000-ზე მეტი შემთხვევა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დაახლოებით ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 70-80 პროცენტს “ომიკრონის” შტამი ექნება.

მანვე თქვა, რომ მეექვსე ტალღის პიკის დროს, რომელიც თებერვლის დასაწყისშია მოსალოდნელი, საქართველოში ერთი დღის განმავლობაში ვირუსით 60 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდეს, თუმცა მათგან ლაბორატორიულად მხოლოდ 20-30 პროცენტი, ანუ 10-15 ათასი დადასტურდება.

ალერგოლოგ-იმუნოლოგ გიორგი კამკამიძის განცხადებით, სწრაფმა, ანტიგენის ტესტმა ფაქტობრივად დაკარგა მნიშვნელობა და მასზე დაყრდნობა აღარ არის რაციონალური, ამის შესახებ გიორგი კამკამიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, PCR-ტესტირება რჩება ისეთ მეთოდად, რომელიც აღმოაჩენს „ომიკრონს“. ტესტირების ეს მეთოდი დაფუძნებულია ვირუსის რამდენიმე გენის აღმოჩენაზე, შესაბამისად, უტყუარი პასუხის მიღების ალბათობა გაცილებით მაღალია.

ამასთან, გიორგი კამკამიძის განცხადებით, PCR-ტესტირებაც არ ხასიათდება 100%-იანი მგრძნობელობით, ეს შეეხება არა მხოლოდ “ომიკრონის” შტამს, ასე იყო კორონავირუსის სხვა შტამებთან მიმართებითაც.

„დაახლოებით 10-%, ცოტა უფრო მეტიც, არის ისეთი ინფიცირებული, რომელსაც განმეორებითი ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ PCR-ის მეთოდით ინფექციას. შესაბამისად, აქ გამოიყენება უკვე ალტერნატიული მეთოდები – სიმპტომების მიხედვით, რადიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით ან ცოტა მოგვიანებით, ანტისხეულების ტესტის მიხედვით, ჰქონდა თუ არა ნამდვილად ადამიანს ვირუსი“, – განაცხადა გიორგი კამკამიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button