“ომიკრონს” 3-ჯერ უფრო მეტი აქვს რეინფიცირების რისკი, ვიდრე დელტას
ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას, თუმცა ბავშვების ინფიცირების რისკი არის ძალიან მაღალი-ჩხაიძე

3-დღიანი ავადობა, ყელის ჩაფხაჭნის შეგრძნება – ივანე ჩხაიძე ომიკრონის სიმპტომებზე საუბრობს
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ომიკრონის შტამის დამახასიათებელ სიმპტომებზე საუბრობს. მისი თქმით, ის ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას, თუმცა ბავშვების ინფიცირების რისკი არის ძალიან მაღალი:
“კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა რამდენიმე საათის წინ, მიუთითებს იმაზე, რომ “ფაიზერის” ვაქცინა ეფექტურია 33%-ით ინფიცირების შემთხვევების, ხოლო 70%-ით მძიმე მიმდინარეობის თავიდან აცილების თვალსაზრისით.
3-დღიანი ავადობა ახასიათებს, ძირითადად, ეს არის ყელის ჩაფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი – ანუ ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას. ერთი მაჩვენებელი, რომელიც ბავშვებისთვის არის ძალიან საყურადღებო არის ის, რომ “ომიკრონით” ინფიცირების რისკი არის ძალიან მაღალი, გაცილებით ვიდრე ეს იყო დელტა ვარიანტის შემთხვევაში,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
კორონავირუსის ახალ შტამს – “ომიკრონს” 3-ჯერ უფრო მეტი აქვს რეინფიცირების რისკი, ვიდრე დელტას – ეს კვლევა სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. დაკვირვება სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა, საიდანაც ახალი შტამი გავრცელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ნაბაროს განცხადებით, “ომიკრონთან” დაკავშირებით სიტუაცია ერთ კვირაში 8-ჯერ უფრო მეტად სერიოზული იქნება, 2 კვირაში კი 40-ჯერ მეტად.
ნაბარომ ასევე აღნიშნა ისიც, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დადასტურდება “ომიკრონის” შტამის უფრო დაბალი ლეტალობა, მისი სწრაფად გავრცელების უნარი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს მაინც შეარყევს. ამასთან დაკავშირებით მან ვაქცინაციის გაგრძელებისა და მათ შორის ბუსტერების გაკეთებისკენ მოუწოდა საზოგადოებას და განაცხადა, რომ ამავდროულად უნდა შემცირდეს სოციალური კონტაქტები ადამიანებს შორის.
შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი შტამი “ომიკრონი” პირველად ნოემბრის ბოლოს გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანასა და ჰონგ კონგში. შემდგომში კი “ომიკრონის” პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ევროპაში, აშშ-ში, რუსეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. ამჟამად ის 70-ზე მეტ ქვეყანაშია უკვე. ოფიციალური ინფორმაციით, ომიკრონი საქართველოში დაფიქსირებული არაა თუმცა კვლევა მიმდინარეობს რამდენიმე შემთხვევაზე.
13 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა “ომიკრონის” შტამით პაციენტის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.