ომის 33-ე დღე – დაღუპული ბავშვების რაოდენობა იზრდება
ომის 33-ე დღე. უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დაღუპულია 143 ბავშვი და დაჭრილია – 216. ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი, 67 ბავშვი დაშავდა კიევის ოლქში.
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებით, ეს მონაცემები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან შეუძლებელია შესვლა იმ რაიონებში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
საგამოძიებო უწყების თანახმად, რუსი სამხედროების სამიზნედ იქცა 733 სასწავლო დაწესებულება. მათგან 74 – მთლიანად დანგრეულია.
დევნილად იქცა ოთხ მილიონამდე ადამიანი.
საბრძოლო მოქმედებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალები კიევთან ოკუპანტებს აკავებენ.
“რუსეთის სამხედრო ძალები კიევის მახლობლად, ჩრდილო-დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ცდილობენ უკრაინის არმიის პოზიციების გარღვევას, რათა კონტროლი დაამყარონ ავტომაგისტრალებსა და დასახლებულ პუნქტებზე. თავდაცვითი ბრძოლები გრძელდება ტოპოლსკეს, კამიანკას, სუხა კამიანკას რაიონებში.უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებებიდან მოიგერიეს 5 შეტევა. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ხარკოვის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტის დასაცავადაც. გასული დღე-ღამის განმავლობაში განადგურებულია რუსული არმიის 2 ტანკი, 4 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი, 2 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 ფრთოსანი რაკეტა. დღეს დილით, რუსმა სამხედროებმა ისევ დაცხრილეს ქალაქი რუბეჟნოე. მათ შორის საცხოვრებელი სახლი, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა,” – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერმა ალექსანდრ სტუპუნმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის ინფორმაციით, დღის განმავლობაში რუსეთის ოპერატიულმა, ტაქტიკურმა და სამხედრო ავიაციამ უკრაინის 67 სამხედრო ობიექტს დაარტყა:
“მაღალი სიზუსტის დისტანციურმა საჰაერო იარაღმა გაანადგურა საწვავის დიდი საცავი ქალაქ ლვოვის მახლობლად, რომელიც საწვავით ამარაგებდა უკრაინის ჯარებს უკრაინის დასავლეთ რეგიონებში.გარდა ამისა, მაღალი სიზუსტის საკრუიზო რაკეტებმა გაანადგურეს ქალაქ ლვოვში, ლვოვის რადიოს სარემონტო ქარხნის სახელოსნოები. საზღვაო მაღალი სიზუსტის დისტანციურმა იარაღმა გაანადგურა ეს-300-ისა და ბუკის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემების სარაკეტო საცავი სოფელ პლესეცკში, ქალაქ კიევის სამხრეთ-დასავლეთით 30 კილომეტრში. დღის განმავლობაში ოპერატიულმა, ტაქტიკურმა და სამხედრო ავიაციამ უკრაინის 67 სამხედრო ობიექტს დაარტყა,” – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა იგორ კონაშენკოვმა.
“ბელინგქეთის” გამომძიებელმა ჟურნალისტმა გამოაქვეყნა ვარაუდი, რომ რუსეთი განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ კიევს ვერ აიღებს.
მძიმე ბრძოლები გრძელდება იზიუმთან – ასევე ირპინში, ბუჩაში, გოსტომელში. “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტს კვლავ არ შეუძლია რაიმე დახმარების მიწოდება ალყაში მოქცეული მარიუპოლისთვის, ორგანიზაცია რუსეთისგან და უკრაინისგან უსაფრთხო გადაადგილების გარანტიას ითხოვს.
მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა, რომ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ, უკრაინის ქალაქებში განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, სასწავლო დაწესებულებები, საკულტო ნაგებობები, მაღაზიები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. დაღუპულია ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება.