ომის 522-ე დღე უკრაინაში-დანგრეული შენობებიდან ხალხი მაშველებს გამოჰყავთ

სუმის ოლქზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“სუმის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების შენობაზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2-მდე, დაშავებულთა კი 20-მდე გაიზარდა. საავადმყოფოში 3 ადამიანი რჩება”, – აცხადებს სუმის საქალაქო საბჭო.
სამართალდამცავების ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მინიმუმ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 5 დაშავდა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია, მაშველები და ექიმები მუშაობენ, მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.
რუსულმა ძალებმა სუმის საგანმანათლებლო დაწესებულებაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. უკრაინის ცნობით, რუსეთმა თავდასხმა ქალაქ სუმზე გუშინ, საღამოს 8 საათზე განახორციელა.
აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით აღიძრა, რაც ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევას გულისხმობს.
Українська правда-ს ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ამ თვეში უკვე მესამედ შეუტიეს შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ზმეინს (“გველების კუნძულს”). შეტევა ტაქტიკური თვითმფრინავით განხორციელდა და ოკუპანტებმა კუნძულის მიდამოში ორი უცნობი ტიპის საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს.
შეგახსენებთ, 2022 წლის 30 ივნისს რუსმა დამპყრობლებმა შავ ზღვაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და დროებით ოკუპირებული კუნძული ზმეინი დატოვეს. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რუსმა ოკუპანტებმა საარტილერიო, სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს ვერ გაუძლეს და კუნძული ამიტომ დატოვეს.
ეს კუნძული უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ ომის პირველივე დღეებში იქცა, როცა უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის ფლოტის ერთ-ერთ ფლაგმანს, 24 თებერვალს დანებების მოთხოვნაზე განუცხადეს: “Русский военный корабль, иди на х*й!”
თავდაპირველად კიევმა განაცხადა, რომ 13-ვე ჯარისკაცი, რომლებიც კუნძულს იცავდნენ, დაიღუპა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ისინი ტყვედ აიყვანეს. პატიმრების გაცვლის შედეგად უკრაინელებმა ყველა მათგანი გაათავისუფლეს.
ომის 522-ე დღე უკრაინაში – რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, არიან გარდაცვლილები და დაჭრილები, – ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი ანატოლი კურტევი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.
“არაადამიანებმა-ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს. მეორე რაკეტა ღია სივრცეს მოხვდა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა ორი ადამიანი – მამაკაცი და ქალი, კიდევ ერთმა ქალმა ჭრილობები მიიღო. აფეთქების ტალღით შუშები ჩაიმსხვრა მრავალსართულიან შენობებში და დაზიანდა სასწავლო დაწესებულებისა და სუპერმარკეტის შენობები,” – წერს კურტევი.
მან აღნიშნა, რომ ადგილზე უკვე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და ფსიქოლოგები. რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს განთავისუფლებულ ზმეინის კუნძულზე. არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა კუნძულის ტერიტორიაზე გაურკვეველი ტიპის ორი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს. დრონებით შეუტიეს დნეპროპეტროვსკის ოლქს. ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა კერძო სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გააჩინა. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება. 100-ზე მეტი აფეთქება დაფიქსირდა სუმის ოლქში. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა რამდენიმე. განადგურდა საგანმანათლებლო დაწესებულების ერთ-ერთი შენობა.
უკრაინის პრეზიდენტი ქალაქი დნიპროზე სარაკეტო თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.
“დღეს დონეცკის ოლქში ვართ ჩვენს მეომრებთან, ჩვენს გმირებთან ერთად. მქონდა პატივი, პირადად მიმელოცა, ხელი ჩამომერთმია და დამეჯილდოებინა სპეციალური ოპერაციების ძალების მეომრები მათ პროფესიულ დღეს. ისინი ყოველთვის ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში არიან ყველაზე საპასუხისმგებლო, სპეციალურ დავალებებზე. ახლაც ასეა. დნიპროში გუშინდელი სარაკეტო დარტყმის ადგილზე სამუშაოები უკვე დასრულდა. დაშავდა ცხრა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი და მოზარდი. ყოველი ასეთი დარტყმისთვის, მთელი რუსული ტერორისთვის, მტერი აუცილებლად იგრძნობს სამართლიანობის ძალას. ჩვენ არ დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ არაფერს არცერთ მათგანს. დღეს არის ოლენივკას, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დანაშაულის წლისთავი – დატყვევებული აზოვის მეომრების მიზანმიმართული, წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა. დაე, რუსეთის ყოველი დანაკარგი იყოს სამაგიერო მისი ბოროტებისთვის და ყველა ოკუპანტმა, ყველა რუსმა მკვლელმა, ყველამ, ვინც პასუხისმგებელია ამ ტერორზე უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ – სანამ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან – იცოდეს, რომ სამართლიანობა იმარჯვებს. უკრაინა გაიმარჯვებს!“ -აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გაადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.