მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის დროს უბედური შემთხვევები არ ხდება

ომის დროს უბედური შემთხვევები არ ხდება. ომი მხოლოდ ბრძოლის ველზე არ მიმდინარეობს, არსებობს ომის სხვადასხვა მიმართულება, ყოველი სიკვდილი ომის შედეგია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოჩართვისას განაცხადა, სადაც მას ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ შეკითხვა დაუსვეს.

პრეზიდენტ ზელენსკის ასევე ჰკითხეს, ღელავს თუ არა საკუთარ უსაფრთხოებზე და გრძნობს თუ არა თავს დაცულად საკუთარ ქვეყანაში.

„მე ეს არ მაღელვებს. არაფერი შეცვლილა, ისევ გვჭირდება საბრძოლო მასალა, არსად წასვლას არ ვაპირებ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბროვარში, ავიაკატასტროფის ადგილას სამაშველო ოპერაცია დაახლოებით 9 საათს გაგრძელდა.

პრეზიდენტი მადლობას უხდის ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ოპერაციაში. განსაკუთრებით კი, საბავშვო ბაღის მასწავლებლებს, რომლებმაც დროული ევაკუაცია განახორციელეს. ასევე რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც დაშვებულებს დახმარება გაუწიეს.

ზელენსკის თქმით, როგორც კი დადგინდება კატასტროფის მიზეზი, საზოგადოებას აუცილებლად აცნობებენ.

„25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 ბავშვი. დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ჩემი სამძიმარი ყველას, ვინც ახლობელი და ნათესავი დაკარგა. ჩვენ დავკარგეთ ადამიანები, რომლებიც იყვნენ პროფესიონალები, პატრიოტები, საიმედო ხელმძღვანელები. მინისტრი დენის მონასტირსკი, ევგენი იენინი და მათი კოლეგები, რომლებიც კატასტროფაში დაიღუპნენ, ადვილად ჩასანაცვლებელი ხალხი არაა. ნამდვილად დიდი დანაკარგია სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ბროვარიში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო უკრაინაში სამდღიანი გლოვაა – ტრაგედიის მიზეზების დადგენას ექსპერტები ამ დრომდე ცდილობენ. განიხილება მომხდარის რამდენიმე ვერსია.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და უწყების სხვა წარმომადგენლები. დაშავებულია 30-მდე პირი. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button