მნიშვნელოვანისიახლეები

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა მისასალმებელი იქნება-კობახიძე

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხზე ილაპარაკა „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ
მისივე თქმით მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში ჩვენი თანამოქალაქე, ეთნიკურად ქართველი და რა თქმა უნდა, მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ პირობები და მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მხოლოდ მისასალმებელი იქნება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისთვის „ალტ ინფოს“ მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს მოქალაქეები დააზარალა. მისივე თქმით, როდესაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება მისასალმებელია.

„2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტის თაობაზე. ეს იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც ამოქმედდა საქართველოს მიმართ და ამან საქართველოს მოქალაქეები დააზარალა.ჩვენ გვესმის, რომ აქაც არის ისტერიკა იმ ადამიანების მხრიდან, გავიხსენოთ ცნობილი „ტროიკა“ ხოშტარია, ვაშაძე, ზურა ჯაფარიძე, აქედან ერთ-ერთი პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას და ეს არაფერი არ არის, მილიონობით რუბლს იღებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და თან გეუბნება, რომ ყველაფერს რუსულზე აჟრიალებს ამ ადამიანს და იქ არ გააჟრიალა მილიონობით რუბლი რომ ჩაურიცხეს. ვაშაძე, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას რუსეთის მოქალაქეზე აქირავებს საკუთარ ბინას და ზურა ჯაფარიძე, რომლისთვისაც სიფრთხილე არასწორი რამეა და ერთ ადგილს რომ მიუშვერ რუს სამხედროებს ეს ყოფილა კარგი საქციელი. ეს არის ორმაგი სტანდარტი და კიდევ უფრო მძიმე რამ რასაც ჩვენ ვაკვირდებით. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის არის მისასალმებელი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს, 18 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს. სერგეი ლავროვს კითხვა პრორუსული ტელეარხის, „ალტ-ინფოს“, ჟურნალისტმა დაუსვა, შეკითხვა უკრაინაში ომის კონტექსტში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს უკავშირდებოდა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება. ის, რომ გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, მნიშვნელოვანწილად რუსეთის ფედერაციასთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობის შედეგია. ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ. ვხედავთ, რომ საქართველო, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომლებიც მოითხოვენ ღიად და საჯაროდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა თქვას, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებით, ეს პატივისცემას იწვევს“, – ამბობს სერგეი ლავროვი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ საქართველო არ მიუერთდება დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, მანვე განაცხადა, რომ რუსეთთან ომი არ იქნება.

17 იანვარს “პალიტრანიუსის” ეთერში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ “ნატო და ევროკავშირი არ არის თვითმიზანი – თუ დავინახავთ, რომ სხვა მიმართულებით შეიძლება ქვეყნის გაერთიანება ან განვითარება, ამასაც ვიტყვით, არ მოგვერიდება”.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, თუ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებს.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა, საქართველოსთვის კარგიც კი იყოს.

„თქვენ იცით, რომ ფრენები ცალმხრივად შეზღუდული იყო. საქართველო სანქცირებული იყო. თუ მათი მხრიდან ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ეს შეიძლება კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. კარგი იყოს იმ თვალსაზრისითაც, რომ მილიონამდე ჩვენი თანამემამულე რუსეთში ცხოვრობს და პირდაპირი ფრენები ადამიანებს თუნდაც მიმოსვლაში დაეხმარება“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button