მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის ფედერაციის დამარცხება უბრალოდ შეუძლებელია-რუსეთის ელჩი

ბაიდენის ადმინისტრაცია იწყებს აღიარებას, რომ უკრაინას შეიძლება დასჭირდეს ძალა ყირიმში, ოკუპანტებზე საპასუხო დარტყმისთვის

რუსეთის არმია გაანადგურებს ნებისმიერ იარაღს, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები უკრაინის ჯარებს უგზავნიან, – ამის შესახებ ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

„ყველასთვის ცხადი უნდა გახდეს: როგორი იარაღიც არ უნდა მიაწოდონ ამერიკელებმა ან ნატო-მ ზელენსკის რეჟიმს, ჩვენ მათ გავანადგურებთ. ასე იყო დიდი სამამულო ომის დროს, ასე იქნება ახლაც“, – განაცხადა ანტონოვმა.

მისი თქმით, „უკრაინის იარაღით გავსება, იქნება ეს აშშ-ის თუ ნატო-ს სხვა ქვეყნების მიერ, მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდას გამოიწვევს და დამატებით სირთულეებს შექმნის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში“.

„იფიქრეთ ვლადიმერ პუტინის თეზისებზე. რუსეთის ფედერაციის დამარცხება უბრალოდ შეუძლებელია. გამარჯვება ჩვენი იქნება“, – აღნიშნა ანტონოვმა

მუქარის მიუხედავად The New York Times რამდენიმე ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობითა და ანონიმურობის პირობით, წერს, რომ უკრაინელ ოფიციალურ პირებთან რამდენიმეთვიანი დისკუსიის შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაცია იწყებს აღიარებას, რომ უკრაინას შეიძლება დასჭირდეს ძალა ყირიმში, ოკუპანტებზე საპასუხო დარტყმისთვის, თუნდაც ამ ნაბიჯმა გაზარდოს ესკალაციის რისკი.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად აშშ ამ დრომდე უარს ამბობს უკრაინისთვის შორს მოქმედი დისტანციური იარაღის მიწოდებაზე ყირიმში რუსულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმის განსახორციელებლად, წყაროების ცნობით, ეს პოზიცია ახლა შერბილებულია.

ჟურნალისტები წერენ, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები უკრაინელ კოლეგებთან განიხილავენ ამერიკული იარაღის გამოყენებას, HIMARS-ის სარაკეტო სისტემებიდან, ბრედლის საბრძოლო მანქანებამდე. შესაძლო სამიზნე კი ყირიმის ხიდია.

თეთრი სახლის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ პოზიციაში ცვლილება არ არის. მათი თქმით, ყირიმი უკრაინაა.

„ჩვენ მთელი ომის განმავლობაში ვამბობდით, რომ ყირიმი არის უკრაინა და უკრაინას უფლება აქვს დაიცვას საკუთარი თავი და სუვერენული ტერიტორია მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – თქვა ადრიენ უოტსონმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button