“ოპერაცია მტაცებელი” უშედეგოდ გრძელდება

თბილისის რამდენიმე უბანში ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს მტაცებლის ძებნის სპეცოპერაცია.

17 ივნისს ფალიაშვილის ქუჩაზე ძებნის სპეცოპერაცია, როგორც სამართალდამცავები აცხადებენ  “ცრუ განგაში” აღმოჩნდა. “ცრუ განგაში” იყო ცინცაძისა და პეკინის ქუჩაზე, სადაც ვეფხვს უშედეგოდ ეძებდნენ.

წუხელ, პეკინის ქუჩიდან, ერთ-ერთმა მცხოვრებმა 112-ს შეატყობინა, რომ აღნიშნულ მისამართზე ვეფხვი დაინახა, რის შემდეგაც ტერიტორია სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა შეამოწმეს.

მოქალაქის ინფორმაციით, ნუცუბიძის ქუჩაზე წუხელ ცხოველი შენიშნეს, რომელიც სავარაუდოდ აფთარი იყო. ამ საკითხზე დარეკა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში, საიდანაც შესამოწმებლად მივიდნენ, თუმცა ადგილზე მხოლოდ 30 წუთის განმავლობაში დარჩნენ და წავიდნენ. ამ უწყების პრესსამსახურის განმარტებით, ბოლო დღეებში უმრავი ცრუ შეტყობინება შევიდა მათთან, თუმცა ყველა ზარზე ჯგუფი ადგილზე გავიდა. მისი თქმით, თითო ჯგუფში 3 თანამშრომელი იყო გაერთიანებული.

ყოფილ “აბრეშუმის ფაბრიკასთან”, იქ სადაც ვეფხვმა ადამიანი სასიკვდილოდ დაგლიჯა, მტაცებლის ლიკვიდაციის შემდეგ, თბილისის ზოოპარკიდან დაკარგულად კიდევ ერთი ვეფხვი ითვლება.

“ამჟამად ვეძებთ ერთ ვეფხვს, ერთ დათვს და ერთ ზოლებიან აფთარს. დანარჩენი ყველა ცხოველი, რომელიც იძებნებოდა, ნაპოვნია“, – აცხადებს თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მზია შარაშიძე.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button