საკონსტიტუციო ცვლილებებზე პლებისციტს ითხოვენ

ევროპული საქართველო ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო დამტკიცებამდე, პრეზიდენტის არჩევის წესთან და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარებას სთავაზობს. განცხადება პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.
ბაქრაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, კიდევ უფრო გააღრმავებს არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებას.
მისი თქმით, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გამოკითხვის ჩატარება, დაპირისპირების რისკს შეამცირებს.
“ამ სიტუაციაში აუცილებლად გვეჩვენება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შეამცირებდა ქვეყანაში მომავალი დაპირისპირების რისკს და სიტყვას მისცემდა საქართველოში ხელისუფლების მთავარ წყაროს ქართველ ხალხს. სწორედ ამიტომ, ევროპული საქართველოს ინიციატივაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხზე – პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების თემაზე და საპარლამენტო არჩევნების თემაზე ჩატარდეს პლებისციტი, სადაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს საკუთარ აზრს. სურს თუ არა მას ჰქონდეს პრეზიდენტის არჩევის უფლება და როგორი პარლამენტი უნდა რომ ჰყავდეს,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება პლებისციტს არ ჩაატარებს, ევროპული საქართველო პლებისციტის დანიშვნის მოთხოვნით დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას.