სავარაუდოდ სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას საუბრის ჩანაწერები გამოქვეყნდა

უკრაინული სააგენტო http://uareview.in.ua/ სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და გიგა ბოკერიას შორის საუბრის ჩანაწერებს აქვეყნებს.
დიალოგების მიხედვით, რომელთა ნამდვილობა ჯერ დადგენილი არ არის, ყოფილი პრეზიდენტი „რუსთავი 2-ის” გენერალურ დირექტორთან და უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანთან რევოლუციის გეგმას განიხილავს. საუბარია „რუსთავი 2-თან” დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე.
ჩანაწერში ექსპრეზიდენტი ახსენებს მოსამართლის გადაწყვეტილებას და მისი აღსრულების შემთხვევაში, მოვლენების განვითარების სცენარზე ჰყვება.
ყოფილი პრეზიდენტი გვარამიას თანამშრომლების გამხნევებას, რევოლუციური სცენარით სვლას და ბარიკადებისა და რკინის კონსტრუქციების მოწყობას ურჩევს. ანალოგიურ გეგმაზეა საუბარი გიგა ბოკერიასთან სატელეფონო დიალოგშიც.
სააკაშვილი გვარამიას ეუბნება, რომ “იშოვონ ბოევიკები” და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში სროლით დასრულდება.
რაც შეეხება სავარაუდოდ სააკაშვილ-ბოკერიას საუბარს, გავრცელებული აუდიომასალის მიხედვით, სააკაშვილი აქაც ბარიკადების მშენებლობაზე საუბრობს. ჩანაწერის თანახმად, სააკაშვილი დაინტერესდა უცხოელების რეაქციით, რაზეც ბოკერია პასუხობს, რომ დიდ განცხადებას აკეთებს სახელმწიფო დეპარტამენტი ამ თემაზე. სააკაშვილი ამბობს, რომ “რუსთავი2”-ის ჟურნალისტები დაბნეულები არიან, მაგრამ ისინი გვარამიამ უნდა გაამხნევოს.
უკრაინულ გამოცემა http://uareview.in.ua-ში გავრცელებულ აუდიომასალას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიგა ბოკერია გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ “ტელეიმედთან” სატელეფონო საუბარში განაცხადა, ჩანაწერი ორ რამეს ადასტურებს. “ერთი იმას, რომ უკანონო მოსმენები გრძელდება და ძალიან თავხედურად მერე ამას ჩვენ გვაჩვენებენ. მეორე, მე მგონი კონკრეტული მუქარაც იყო ნიკა გვარამიას მიმართ, რომ გამოგიქვეყნებთო სააკაშვილთან საუბარსო. ანუ ეს ადასტურებს იმ ამბავსაც, რომ ის შიკრიკი, ვინც გააგზავნა მთავრობამ იმ მუქარებით გვარამიასთან, რომ ნამდვილი შიკრიკი იყო მთავრობის, იმიტომ, რომ ეს კონკრეტული მუქარა შეასრულა. გამოძიებამ ისეთი აბსურდული ფაბრიკაცია გამოიყენა გამოიძიების დასაწყებად, რომ ამ საუბარს გამოიყენებს თუ არა ახლა ამის პროგნოზირება ჩემთვის რთულია. თუმცა, ხაზს ვუსვამ მთავარ საკითხს, რომ მე პირადად ჩემს თანაგუნდელებს ახალი სათქმელი ამ თვალსაზრისით არფერი არ გვაქვს, იმიტომ, რომ ეს გახლავთ ჩვენი საჯარო პოზიცია, არაერთხელ ნათქვამი მედიისთვის, რომ ჩვენთვის წითელი ხაზი არის “რუსთავი 2″-ის ჩახშობის მცდელობა და ამ მცდელობას ჩვენ აღვუდგებით ფიზიკურად წინ. ჩვენში არ ვგულისმობ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას, ვგულისხმობ საზოგადოების სერიოზულ ნაწილს”, – განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, ეს არის მყარი პოზიცია, რომელიც იქნება განხორციელებული აუცილებლად.
უკრაინული გამოცემის აუდიომასალას “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია “ფეისბუქში” გამოეხმაურა. “როგორ იყო, არ გისმენს მთავრობა, მოგელანდა ყველაფერიო? არ მოსულა არავინ შენ მოიგონეო? პს ვაიბერია ეს, btw”, – წერს ნიკა გვარამია.