მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

EU-მ “ქართული ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა

ევროკავშირმა “ქართული ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა.

აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ გააკეთა.

კალასის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ინდივიდუალური სანქციების დაწესებაც განიხილეს.

“სიტუაცია საქართველოში არ მიდის პოზიტიური მიმართულებით ქართველი ხალხისთვის. დემოკრატიული ქვეყანა არ უნდა ახშობდეს ოპოზიციურ ხმებს და დამოუკიდებელ მედიას. საპასუხოდ, ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტექსტი და შევუწყვიტეთ დაფინანსება საქართველოს მთავრობას.

დღეს, ჩვენ შევთანხმდით, რომ საჭიროა უვიზო რეჟიმის შეჩერება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და კომისია შეთავაზებას უკვე წელს გააკეთებს. ჩვენ, ასევე განვიხილეთ, ინდივიდუალური სანქციების დაწესება იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.

ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდში დგომას, მათ შორის მთავრობისთვის განკუთვნილი დაფინანსების გადამისამართებით სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, რადგან საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს”, – განაცხადა კაია კალასმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ინტენსიური დისკუსია იყო დამატებით სანქციებთან დაკავშირებით.

„დღევანდელი დისკუსიაზე შევჯერდით, შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის. უნდა ითქვას, რომ იყო ინტენსიური დისკუსია და ასევე იყო უფრო მეტის გაკეთების სურვილი. ბევრმა აღნიშნა, ვნახოთ, როგორი განვითარება იქნება, მზად ვართ დამატებითი ნაბიჯებისთვის. თუმცა, სანქციებისთვის ჩვენ გვჭირდება 27-ვე წევრის თანხმობა, სამწუხაროდ ეს არ გვაქვს, თუმცა ვფიქრობ უვიზო რეჟიმი და შეჩერება პირველი ნაბიჯია“, – აღნიშნა კალასმა.

კაია კალასის განცხადებამდე ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ევროკომისიამ უკვე დაიწყო საკითხზე მუშაობა და შესაბამის დოკუმენტს უახლოეს დღეებში მოამზადებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button