მნიშვნელოვანირეგიონი

სუს-მა “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი მეთაური დააკავა

პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბანში მცხოვრები, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს მეთაური, მალხაზ პაქსაშვილი, სპეციალური ოპერაციის შედეგად, კონტრტერორისტულმა ცენტრმა აიყვანა.

კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი გამოძიების მასალების მიხედვით, პაქსაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.

2013-2015 წლებში, მალხაზ პაქსაშვილი, ე.წ. „სამხედრო ემირების“, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში.

დაკავებულს მჭიდრო კავშირი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და ორგანიზაციის ერთ-ერთი დაჯგუფების ე.წ. „ნაიბის“ პოზიციას იკავებდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button