მნიშვნელოვანისიახლეები

ოპოზიციამ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შეიტანა-“გირჩის” ინიციატივას მხარს უჭერენ დამოუკიდებელი დეპუტატები და ოპოზიციური პარტიები

ოპოზიციამ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შეიტანა. “გირჩის” ინიციატივას მხარს უჭერენ დამოუკიდებელი დეპუტატები და ოპოზიციური პარტიები, მათ შოირს, “ნაციონალური მოძრაობა” და “სტრატეგია აღმაშენებელი”.

იაგო ხვიჩია დარწმუნებულია, თუ კანონპროექტი ძალაში შევა ის მესამე პრეზიდენტსაც უნდა შეეხოს, რადგან კანონპროექტით გათვალისწინებული ორი მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

ორი ოპოზიციური პარტია – “ლელო” და “საქართველოსთვის” კანონპროექტს მხარს არ უჭერს.

“ჩვენ ვსაუბრობთ ამნისტიაზე და არა შეწყალებაზე, ის არასდროს არ მიემართება ინდივიდუალურად, ერთ ადამიანს, ის მიემართება ზოგადად, ადამიანთა ჯგუფს. უბრალოდ ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ იმის გამო, რომ არ გვინდა ამნისტია შეეხოს მიხეილ სააკაშვილს, ის არ შეეხოს იმ ადამიანებს, რომლებიც იგივე მუხლით სხედან ციხეში. რა უნდა ვუთხრათ, რომ შენ იმიტომ არ შეგახეთ ამნისტია, რომ იგივე მუხლით სააკაშვილი იხდიდა სასჯელს, ეს სრულიად აუხსნელი, დაუსაბუთებელი იქნება იმ ადამიანისთვის, რომელიც ამ ჰუმანურ აქტს ელოდება, აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქოც-ნაცურ ბრძოლაზე მაღლა უნდა დავაყენოთ ეს საკითხი”, – თქვა იაგო ხვიჩიამ.

დეპუტატი თამარ კორძაია ამბობს, რომ მმართველი გუნდისთვის წითელი ხაზი მიხეილ სააკაშვილის საკითხი იქნება.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ ჰუმანური ნაბიჯის გადადგმაა საჭირო და ამ ინიციატივას ეხმარება.
ლელოს განცხადებით, ამნისტიის შესახებ ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ.

პარტიაში ამბობენ, რომ ფართო ამნისტიის აქტებს საზოგადოებრივი ინტერესები და ფართო კონსენსუსი უნდა განაპირობებდეს, თუმცა ოცნების პირობებში “გაუგონარი და ქვეყნისთვის მტრული შეწყალების აქტები” გვახსოვს.

“როდესაც სახელმწიფომ შეიწყალა ოკუპანტი ქვეყნის აგენტები, ჩვენი მტერი სახელმწიფოს ინტერესების მატარებლები და პუტინის იდეების გამტარებლები, ამიტომ არის ლელოსთვის ოცნების მმართველობით მიღებული ყველა ამნისტია რთული პროცესი”, – წერია განცხადებაში.

პარტია იმ სამ მიზეზზე საუბრობს, რომელთა გამოც, მათი განმარტებით, შეთავაზებული კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებენ.

“ამნისტია ეხება ყველა სახის სამოხელეო დანაშაულს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენ რწმენას, როდესაც ვამბობთ, რომ კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულზე ყველას მოეთხოვება პასუხი. ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს ქართველი ხალხის ფულის მოპარვას.

დღეს ნარკოდამოკიდებულება ქვეყნის უდიდესი ტრაგედიაა და რეალიზატორების მიმართ ამნისტიის აქტი არასწორია. ლელო ემხრობა ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას მომხმარებლებთან მიმართებით, თუმცა, ის ფაქტი, რომ პროექტით ნარკოტიკების ტრაფიკის და დამზადების მუხლებზეც ვრცელდება ამნისტია, ჩვენი ამომრჩევლისთვის მიუღებელია.

ამნისტია შეეხება უვადო პატიმრებს და გარეთ შეიძლება გამოვიდნენ მძიმე დამნაშავეები, მკვლელები, ტერორისტები და ა.შ. ეს ვერ იქნება უსაფრთხო ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის.

სწორედ ხალხისა და ქვეყნის ინტერესების დაცვა არის ლელოს მიზანი და ეს ამნისტია ამ მიზანს აცდენილია. ამასთან, ლელო იბრძოლებს ნარკოდანაშაულების წინააღმდეგ! მომხმარებლები საჭიროებენ დახმარებას და სახელმწიფომ ეს უნდა გააკეთოს, მაგრამ ვინც სიკვდილს ყიდის, ვინც კორუფციას სჩადის,მათ მიმართ ჰუმანიზმი კი არა მკაცრი პოლიტიკაა საჭირო!” – წერს ლელო.

“ლელოს” წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, პარტიას არ მიაჩნია, რომ სამოხელეო დანაშაული დაუსჯელი უნდა იყოს ქვეყანაში, სადაც კორუფციის, თანამდებობის ბოროტად გამოყენების სერიოზული გამოწვევებია.

“საზოგადოებისთვის საფრთხედ მიგვაჩნია ამ ამნისტიის განხორციელების შემთხვევაში უამრავი ძალიან მძიმე დამნაშავის გამოშვება საპყრობილედან”, – თქვა მან.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ გაეცნობიან კანონპროექტს და საჭიროების შემთხვევაში ის კომიტეტებში გადაინაცვლებს. მისივე თქმით, “ოცნების” მიზანიცაა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს ციხეში და პატიმართა რაოდენობის შესამცირებლად საჭიროა სახელმწიფოებრივი მიდგომა.

“დაივიწყონ, მიხეილ სააკაშვილის ამნისტირება, რა თქმა უნდა, არ მოხდება”, – თქვა მან.
/////////////////////
მიხეილ სააკაშვილი ისეთი მუხლით არის გასამართლებული, რომელ მუხლზეც ამნისტიის გავრცელება სტრასბურგის სასამართლოს მიერ კონვენციის დარღვევად აღიქმება – ასეთი კატეგორიის მუხლებთან დაკავშირებით ამნისტია გამოყენება არ შეიძლება! მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ამნისტიის გავრცელების შანსი არის ნული! – ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის ნაწილის მიერ ინიცირებულ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით გააკეთა.

ამასთან, ოხანაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ხელისუფლების დღის წესრიგში საყოველთაო ამნისტიის აქტის მიღება არ დგას.

“პირველ რიგში, ჩვენ აღნიშნული პროექტი უნდა შევისწავლოთ და დავამუშაოთ. რაც შეეხება ამნისტიას, ყოველ ჯერზე როცა დღის წესრიგში ამის აუცილებლობა დგება, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, “ქართული ოცნების“ ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას იღებს – ჩვენ ამნისტიის არაერთი აქტი გამოგვიცია. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რასაც ყველა უწყების ფართო ჩართულობა სჭირდება. ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება დღის წესრიგში არ დგას!

ამნისტია კონკრეტულ პირებს არ ეხება. ამნისტია არის აქტი კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით და საკითხის კონკრეტულ პირებთან მიმართებით დასმა არასწორია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მათ შორის გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებულ შეწყალებაზე იმსჯელა – პრობლემაა ისეთი მუხლით გასამართლებული თანამდებობის პირის ამნისტია, რომელი მუხლით გასამართლებულ პირსაც ობიექტურად ამნისტიის შეხება არ ეკუთვნის. მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა სწორედ ასეთია.

წინა ხელისუფლების დროს ციხეში 24 000 პატიმარი იყო, ახლა დაახლოებით 10 000 პატიმარია, რაც რადიკალური სხვაობაა. ამნისტიის გამოცემა ერთბაშად ვერ მოხდება – ყველაფერს შეფასება, სამართლებრივი პრინციპის გათვალისწინება, საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე ზრუნვა და დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება სჭირდება.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ როცა პირს დანაშაული აქვს ჩადენილი, ამის ლოგიკური შედეგი არის სასჯელი – სამართლიანი და დაბალანსებული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ პარლამენტში წარდგენილი ამნისტიის აქტი ვრცელდება პირებზე, რომლებსაც თავისუფლების უვადოდ აღკვეთა აქვთ მისჯილი. მათ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრებათ თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით. აღნიშნულ ვადას უკვე მოხდილი წლები გამოაკლდება.

ამავე პროექტით, სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც “სისხლის სამართლის კოდექსის“ 273/1-ე და 265-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს. გარდა ამისა, სასჯელი გაუნახევრდებათ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, სამოხელეო და ნარკოტიკული თავით გათვალისწინებული დანაშაული.

¼-ით შეუმცირდებათ სასჯელი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს.

ამნისტიის პროექტი “გირჩმა“ მოამზადა.
კანონპროექტის თანახმად:

მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე სასჯელი უნდა შემცირდეს 1/4-ით
ნაკლებად მძიმე დანაშაულზე – განახევრდეს
ნარკოტიკულ და სამოხელეოზე – განახევრდეს
უვადო პატიმრობა გადაკვალიფიცირდეს 30 წლით
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ დღეს საქართველო ევროპაში პატიმრების რაოდენობით “მოწინავეა”, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსი უფრო “რეპრესიულია, ვიდრე საბჭოთა კანონმდებლობა”.

“წინა მთავრობის დროს გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი, ქართული ოცნების პირობებში შენარჩუნდა და გაფართოვდა. სასამართლო, როგორც მმართველი ძალის მიერ რიგითი ადამიანების კონტროლის და დასჯის სისტემა, დღემდე პოლიტიკურად მართვად ინსტრუმენტად რჩება და სამწუხაროდ ვერ მოხდა მისი სანდო ინსტიტუციად ქცევა”, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ამჟამად ოპოზიციაში კანონპროექტის მხარდაჭერისთვის კონსულტაციები მიმდინარეობს. გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ აღნიშნული ამნისტია ყველა მუხლს და ყველა პატიმარს შეეხება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს.

“მიხეილ სააკაშვილიც ერთ-ერთი პატიმარია. ის არ არის გამონაკლისი ამ თვალსაზრისით, ეს ამნისტია შეეხება უფრო მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ადამიანებსაც, ვიდრე მიხეილ სააკაშვილია. ამ ამნისტია არ ვაკეთებ მიხეილ სააკაშვილის გამო, მე ყოველ შემთხვევაში. ამ ამნისტიას ვაკეთებ იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ციხე დატოვოს ფაქტობრივად ნახევარმა ადამიანმა, ვინც ციხეში ზის”, – ამბობს პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი.

პოლიტიკურ ჯგუფ საქართველოსთვის წევრს, ალექსანდრე მოწერელიას დაუშვებლად მიაჩნია, რომ სამოხელეო დანაშაულისთვის მსჯავრდადებულებს ამნისტიის კანონპროექტით პასუხისმგებლობა მოეხსნათ:

“თუ გადავხედავთ ისტორიას და დღევანდელი დღით შევაფასებთ, ჩვენთვის მიუღებელია სამოხელეო დანაშაულებზე დათმობებზე წასვლა”.

პარლამენტი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი პირდაპირ ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ამნისტირება უნდა “დაივიწყონ”:

“მან საქართველოში შექმნა ადამიანის წამების, ღირსების შელახვის სისტემა. ჩვენი ვალია მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლების წინაშე, რომ მან სრულად მოიხადოს სასჯელი”.

მსგავსი პოსტები

Back to top button