,,ოპოზიციის გაჩუმება, ბელარუსს მახსენებს,,-მაიკლ გალერი

ივანიშვილის საბჭოური ქართული რეჟიმი ნიკა გვარამიას აპატიმრებს, რათა კიდევ ერთხელ სცადოს ოპოზიციის გაჩუმება, ბელარუსს მახსენებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მაიკლ გალერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ივანიშვილის საბჭოური ქართული რეჟიმი ნიკა გვარამიას აპატიმრებს, რათა კიდევ ერთხელ სცადოს ოპოზიციის გაჩუმება. ბელარუსს მახსენებს. ევროკომისიისთვის დროა ასოცირების შეთანხმების 421-ე და 422-ე მუხლების პროცედურა დაიწყოს. რეჟიმი უხეშად არღვევს მე-2 მუხლს!“ – წერს გალერი.
ცნობისთვის, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების მე-2 მუხლი სხვა ყველაფერთან ერთად მხარეების მიერ „დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემას“ ითვალისწინებს.
421-ე მუხლი მხარეებს შორის „უთანხოების მოგვარებას“ ეხება, ხოლო 422-ე მუხლი – „ვალდებულებების არშესრულების შემთხვევაში შესაბამის ზომებს”.
ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი („ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი“) ქართველი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას მორიგ ჯერზე დაპატიმრებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად იძირება ავტოკრატიაში.
„საქართველო სულ უფრო და უფრო იძირება ავტოკრატიაში. ოპოზიციის ლიდერი ნიკა გვარამია დააპატიმრეს, რის შედეგადაც ის შეუერთდა [ნიკა] მელიასა და [ზურაბ] ჯაფარიძეს ციხეში“, – წერს ევროპარლამენტის წევრი.
„[ბიძინა] ივანიშვილი აძლიერებს კონტროლს, თრგუნავს განსხვავებულ აზრს და აქრობს სასამართლო დამოუკიდებლობას. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, სანამ საქართველო მეორე ბელარუსად იქცევა“, – წერს რიჰარდს კოლსი პლატფორმა X-ზე.
ნიკა გვარამია მესამე ოპოზიციონერი ლიდერია, რომელიც „ქართული ოცნების“ რეჟიმის ყალბი კომისიის უარყოფისთვის დააპატიმრეს, სანქციები ივანიშვილსა და მის ხელშემწყობებს, ახლავე! – ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, საქართველო ყოველდღიურად, „სულ უფრო ღრმად იძირება ავტორიტარიზმში“.
„ნიკა გვარამია მესამე ოპოზიციონერი ლიდერია, რომელიც „ქართული ოცნების“ რეჟიმის ყალბი კომისიის უარყოფისთვის დააპატიმრეს.
საქართველო ყოველდღიურად სულ უფრო ღრმად იძირება ავტორიტარიზმში. სამარცხვინოა, საპასუხოდ რამდენად ცოტა რამეს აკეთებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, სანქციები ივანიშვილსა და მის ხელშემწყობებს, ახლავე!” – წერს იუკნევიჩიენე.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყება აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ეს ნაბიჯი ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოსგან მყისიერ რეაგირებას მოითხოვს და აღნიშნული საკითხი ივნისში გასამართ საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე სერიოზული დისკუსიის საგანი უნდა იყოს.
“ქართული ოცნების” ბოლო გადაწყვეტილება, მისი პოლიტიკური ოპონენტისა და “კოალიცია ცვლილებებისთვის” პარტიის ლიდერის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ, ნათელი დემონსტრირებაა იმისა, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენს ეს პოლიტიკური ერთეული.
ეს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსგან ძლიერ და მყისიერ რეაგირებას მოითხოვს და ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთქმედების სამომავლო ჩარჩოს ეხება, სერიოზულ დისკუსიის საგანი უნდა გახდეს. დროული პასუხის არარსებობა არ გამორიცხავს მოქმედების პასუხისმგებლობას”, – წერია ლიეტუვის საგარეოს განცხადებაში.