მნიშვნელოვანისიახლეები

ოპოზიციის ლიდერები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილის აცხადებს, რომ “ერთიანი ნაციონალრი მოძრაობის” წევრები, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა უკანონოდ დააკავეს და პროვოცირება პოლიციამ მოახდინა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათი სასამართლო პროცესი გადაიდო. პროცესის გადადების შუამდგომლობა ადვოკატმა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი 23 ოქტომბერს, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.

ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით ორი დღის წინ დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში მომხდარი დაპირისპირებისას, დაკავებულმა პირებმა სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა და გაუწიეს წინააღმდეგობა.
სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ მათ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთეს. მელიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება კრიმინალებზე დგას და ის შესაცვლელია.

“თუ კი ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ ამ ხელისუფლებისგან რამე გამოვა, ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ გადავაქცევთ დემოკრატიულ ხელისუფლებად. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ეს ხელისუფლება გავხადოთ დემოკრატიული. უბრალოდ ეს არის შეუსრულებელი და მიუღწეველი მისია. ეს ხელისუფლება შესაცვლელია, ხელისუფლება, რომელიც დგას კრიმინალებზე”, – განაცხადა მელიამ.

ბაჩო დოლიძის თქმით, პოლიცია არ რეაგირებს იმაზე, რომ სადამსჯელო ჯგუფები ქალაქში დათარეშობენ და თუ ამაზე პროტესტს გამოთქვამ, დამნაშავედ გაცხადებენ.

“ის, რომ დღეს ჩვეულებრივად სადამსჯელო ჯგუფები დათარეშობენ თბილისში, ეს არის შემდგარი ფაქტი. ის, რომ პოლიცია ვერ რეაგირებს ამ ყველაფერზე, ან უარესს შემთხვევაში, არ რეაგირებს, ესეც შემდგარი ფაქტია. თურმე შეიძლება, რომ 60 ადამიანი, ბავშვების, ოჯახის თვალწინ დაგხვდნენ, გაგისწორდნენ და პოლიცია ვერ ხედავდეს და შენ თუ კითხვა გიჩნდება ამ ყველაფრის წინაშე, შენ დამნაშავე ხარ”, – ამბობს დოლიძე.

გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” წევრების – ნიკა მელიას, ბაჩო დილიძისა და ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი 23 ოქტომბრის 12:00 საათისთვის გადაიდო.

შეგახსენებთ შეგახსენებთ, რომ გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კონსტანტინე ზარნაძეა.

მოგვიანებით, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი – პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა. შსს-მ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო, ხოლო ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

„ქართული ოცნების“ წევრი, კოტე ზარნაძე ბრალდებებს უარყოფს.

მსგავსი პოსტები

Back to top button