მნიშვნელოვანისიახლეები

ოპოზიციის ულტიმატუმი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მართველი გუნდისთვის მიუღებელია.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციებს მართავს. ამის პარალელურად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები კვლავ ბოიკოტის რეჟიმში არიან, თუმცა აცხადებენ, რომ სრულად პროპორციულ სისტემას მხარს უჭერენ და იმავეს მოითხოვენ “ქართული ოცნებისგანაც”.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შესახებ ილაპარაკა ის ამბობს, რომ თუკი საპარლამენტო უმრავლესობა უარს იტყვის მის მიღებაზე, ოპოზიცია ადეკვატურ ნაბიჯს გადადგამს.
„ორი მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი. პირველი, არ არის ეს უმნიშვნელო, შეიძლება ეს ყურს ვიღაცას სჭრის, ფიქრობდეს, რა დროს საკონსტიტუციო ცვლილებებზეა საუბარი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში. არა, მნიშვნელოვანი არის, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი გზა მიხეილ სააკაშვილის დახსნის. „ქართული ოცნება“ თუ ამ ცვლილებებს არ მიიღებს უახლოეს პერიოდში, ჩვენ, ოპოზიცია, განსაკუთრებით, ვინც პარლამენტში ჯერ კიდევ ვართ და იქ დარჩენის მიზანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, მერე გადაწყვეტილებას მივიღებთ ადეკვატურს. იქნება ახალი, დამატებითი პლატფორმა, საიდანაც სხვა საპროტესტო მოძრაობაც დაიწყება, მაგრამ უნდა ვაიძულოთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ერთად. დღევანდელი განცხადება ქალბატონი კელი დეგნანის, შემთხვევით კი არ იყო, რომ ტირანია ახსენა, თქვა მელიამ და დაამატა, – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ [ხელისუფლებას] ეს ძალიან სწრაფად გავაკეთებინოთ და ვადამდელი არჩევნები ამ ქვეყანაში იქნება, მე მჯერა. მე ხო ვიცი, კულისებს მიღმა, რას ვაკეთებთ და როგორ ვემზადებით. საპროტესტო მოძრაობას სჭირდება რესურსებით გაძლიერება. მზად უნდა შეხვდე შენ საპროტესტო მოძრაობას, რომ ბოლოში გაიყვანო, მაგრამ ისე გააკეთო, რომ რასაც პირველივე დღიდან ვაკეთებთ – არაძალადობრივად, მაგრამ მწვავედ“.

“ლელო” კონსულტაციებში აქტიურადაა ჩართული და პარტიაში აღნიშნავენ, რომ ოპოზიცია საზოგადოებისთვის ახალი ხედვის წარდგენას აპირებს.

“გვაქვს კონსულტაციები და ვმუშაობთ იმისთვის, რომ ძალიან მალე საზოგადოებას ერთიანი ახალი ხედვა წარვუდგინოთ იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა ფორმით და რა პრიორიტეტული დღის წესრიგით გაგრძელდება ჩვენი ოპოზიციური ძალისხმევა. კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ახალი არჩევნების ჩატარება ახალი წესებით არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელიც გააჩნია ოპოზიციას,” – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

“გირჩში”კი ხაზს უსვამენ, რომ მზად არიან ნებისმიერ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიასთან დიალოგისათვის.

“ყველგან სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე განხილვა იქნება, ჩვენ მიგვესვლება ან დაგვიძახებენ, ჩვენ დიდი სიამოვნებით მივალთ და ვეცდებით დავარწმუნოთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ცვლილებები. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში მართლაც ის წარმომადგენლობითობა დგებოდეს ხოლმე არჩევნების შემდეგ, რაც ქართველ ერს უნდა. დაბალი ბარიერი და სრულად პროპორციული ამის გარანტიაა,” – განაცხადა ჰერმან საბომ.

ოპოზიციის ულტიმატუმი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მართველი გუნდისთვის მიუღებელია. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია კანონპროექტის განხილვაში ყველა ოპოზიციური პარტია იღებდეს მონაწილეობას და ცვლილებები მიიღონ ერთიანი მსჯელობის შედეგად.

მმართველი გუნდის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” მზადაა კონსულტაციებისთვის და ოპონენტებთან კონსტრუქციული მუშაობისთვის

“ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ კონსულტაციებისთვის. “ქართულ ოცნებას” არ სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის, ვინაიდან, სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ უზრუნველყო საარჩევნო მოდელის შემუშავება, რომელიც მაქსიმალურადაა დაახლოვებული პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან. თუ ჩვენ გვექნება მოცემულობა, რომ მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფის ნაწილი მონაწილეობს, ის ოპოზიციური პარტია, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არის ნომერ პირველი ოპოზიციური პარტია, არ არის ჩართული და პირიქით – ეწევა რადიკალიზაციას, ეს ამ ყველაფერზე დადებითად ვერ აისახება,”– აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button