მნიშვნელოვანისიახლეები

„ოცნებას“ უკვე ხელი აქვს მოწერილი საქართველოს ღალატზე-კომენტარები აქციიდან

„ოცნებას“ უკვე ხელი აქვს მოწერილი საქართველოს ღალატზე , – ამის შესახებ ოპერის მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ყველა ერთად უნდა იყოს.
“ჩვენ ვერავინ ვერ მოგვერევა, არც ეს უსაქმურები, არც ეს მოღალატეები. ვერავინ ვერ მოგვერევა, სანამ ერთად ვართ. სანამ გვაქვს რწმენა იმისა, რომ საქართველო უნდა იყოს თავისუფალი და უნდა იყოს ევროპული. მინდა ერთი რამ ვუთხრა საზოგადოებას – ამ “ოცნებასთან” საუბარს და დებატებში შესვლას აზრი არ აქვს. დღეს ყველანი უმტკიცებდა მას რატომ არის ეს კანონი რუსული და ყველაზე იყო პასუხი – კი, მაგრამ რატომ არის? მათ უკვე ხელი აქვთ მოწერილი საქართველოს ღალატზე. ჩვენ უკან არ დავიხევთ, ამიტომ, ვიყოთ ერთად. ერთმანეთს ჩავჭიდოთ ხელი, ჩვენი ძალა ერთობაშია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დიდება საქართველოს და დიდება გმირებს”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

აქციაზე მოდით ყველა და მოდით მომზადებულები. ამათ რუსობას ხომ საზღვარი არ აქვს. კაცმა არ იცის, აწი რას იკადრებენ, – ამის შესახებ პარტია “დროას“ წევრი მარიკა მიქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“დროას“ წარმომადგენელი საზოგადოებას მიიმართავს, რომ ეს შეიძლება იყოს 21-ე საუკუნის ყველაზე სისხლიანი ღამე საქართველოში.
“კომფორტული ფეხსაცმელი, ფიზიოლოგიური ხსნარი (NaCl) ცრემლსადენის შემდეგ თვალების გამოსაბანად. ლა როშ-პოზეს და ავენის თერმული წყალიც კარგია (არა მიცერალური წყალი ოღონდ!!!), წყლის სათვალე, კოვიდის ერთლარიანი თეთრი ნიღბები როა თუ რაღაც, მთლად ჩვეულებრივი არა. რამე საჭმელი იქონიეთ. სასურველია საწვიმარიც წყლის ჭავლის გამო
მეგობრებო, ეს არ არის თამაში. “ქართული ოცნება“ მტკიცედ განწყობილია მიიღოს კანონი. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში, ისინი არიან რუსეთის უკანასკნელი დასაყრდენი სამხრეთ კავკასიაში. ეს შეიძლება იყოს 21-ე საუკუნის ყველაზე სისხლიანი ღამე საქართველოში. ილოცეთ ჩვენთვის“, – წერს მარიკა მიქიაშვილი.

დასავლელი პარტნიორების დახმარებას „ქართული ოცნება“ შავ ფულს, ჭუჭყიან ფულს ეძახის – მათ უნდათ, რომ დასავლეთმა ჩვენზე უარი თქვას , – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე განაცხადა.
ეკა გიგაურის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საქართველო რუსეთთან პირისპირ დატოვოს.
„დიდი მადლობა, რომ აქ ხართ. დღეს ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენ ვართ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, ყველას გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ნატო-ს წევრი, რომ საქართველოში კარგი იყოს ცხოვრება, სტუდენტებს მიეცეთ მაღალი ხარისხის განათლება, გვქონდეს მაღალი ხარისხის ჯანდაცვას, ეს გვინდა, ამისთვის ვიბრძვით.
ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ შეგვიწყობენ ხელს, რომ ავაშენოთ ეს ქვეყანა, მათ უნდათ, რომ საქართველოში ისევე კარგი ცხოვრება იყოს, როგორც ევროკავშირშია, ეს არის, რაშიც გვეხმარებიან ისინი. მათ დახმარებას „ქართული ოცნება“ შავ ფულს, ჭუჭყიან ფულს ეძახის. „ქართლ ოცნებას“ უნდა, რომ დასავლეთმა ჩვენზე უარი თქვას, მათ უნდათ, რომ მტრის პირისპირ მარტო დაგვტოვონ“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

„ქართულ ოცნებას“ შეუძლია დატკბეს საცირკო წარმოდგენით, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს – რეალურად ჩვენ ვწყვეტთ, რომ გვინდა ევროპაში და არა რუსეთში, – ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე – „არა რუსულ კანონს“ განაცხადა.
მისი თქმით, ძალაუფლება არა პარლამენტის კედლებში, არამედ ხალხშია.
„ქართულ ოცნებას“ შეუძლია დატკბეს იმ საცირკო წარმოდგენით, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, შეუძლია დატკბეს თავისი პატარა ძალაუფლებით, რომელიც პარლამენტის კედლებში აქვს, მაგრამ პარლამენტის კედლებს გარეთ მათ ძალაუფლება რეალურად არ აქვთ“, – განაცხადა სიმონიშვილმა და დასძინა, რომ ეს კანონი საქართველოს არ სჭირდება.
„რეალურად ჩვენ ვწყვეტთ, რომ გვინდა ევროპაში და არა რუსეთში, ეს კანონი არის რუსული და “არა რუსულ კანონს” – ეს არის ჩვენი სათქმელი და არ არსებობს ორი აზრი, რომ არ გვჭირდება ეს კანონი“, – განაცხადა სიმონიშვილმა.

ყოფილი დეპუტატის, შოთა შალელაშვილის განცხადებით, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე იმყოფება, რადგან მიაჩნია, რომ უფრო მნიშვნელოვანი კანონებია მისაღები, ვიდრე ის, რაც საზოგადოების განხეთქილებას იწვევს.
„აქ ვიმყოფები, რადგან უფრო მნიშვნელოვანი კანონებია მისაღები. მაგალითად, ბარიერის დაწევის საკითხი, რომელიც პირველი მოსმენითაა მიღებული, რაც მოახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას და არა ისეთი კანონები, რომლებიც საზოგადოების განხეთქილებას იწვევს. ამიტომ ვარ აქციაზე“, – განაცხადა შოთა შალელაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.
შალელაშვილის თქმით, არ იცის, რუსულია თუ ქართული ეს კანონი, მაგრამ ფიქრობს, რომ ამაზე მნიშვნელოვანი კანონებია მისაღები.
„იმ ქვეყანაში, სადაც დემოკრატია არ არის და სასამართლო არ არსებობს, უფრო მნიშვნელოვანი კანონებია მისაღები და იქედან უნდა დავიწყოთ ქვეყნის გაჯანსაღება. როდესაც სხვა კანონები იქნება მიღებული, ასეთ კანონებს შემდეგ მნიშვნელობა არ ექნება, როდესაც შექმნილი იქნება დემოკრატიული პრინციპების დამცავი მექანიზმები. იმიტომ ვარ ამ კანონის წინააღმდეგ, რომ ჯერ ბევრი აუცილებელი და საჭირო კანონია მისაღები. ეს უადგილოა, იწვევს საზოგადოების განხეთქილებას და ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუჭერ ამ კანონს მხარს“, – განაცხადა შოთა შალელაშვილმა.

აქ ვარ იმიტომ, რომ ამ ხალხის დანაბარები “არა რუსულ კანონს”, “არა რუსულ მთავრობას” ხვალ პირში მივახალო და გადავცე “ქართულ ოცნებას”. ისინი თავისუფალ ნებას მოკლებულები არიან, ისინი რუსეთის კარნახით მოქმედებენ,- ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში “ძალიან ბევრი ევროპა იყო და ამიტომ, დააბრუნეს ეს “რუსული კანონი”.
“ფაქტობრივად, საქართველომ მიაღწია ჩვენი მრავალი თაობის ისტორიულ არჩევანს, მიზანს, რომ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი და ამ დროს ნაცვლად, 9 პირობის შესრულებისა, “ქართულ ოცნებას” რუსული კანონი შემოაქვს. რისთვის? იმისთვის, რომ დაკეტოს საქართველოს პერსპექტივა ევროპაში. ეტყობა, ვიღაცას ძალიან არ გაუხარდა, ჩვენ მტერს, რომ ევროკავშირში შედის საქართველო ევროკავშირში შედის, რომ ევროპის ჩემპიონატზე გამოდის. ძალიან ბევრი ევროპა იყო და ამიტომ, დააბრუნეს ეს “რუსული კანონი”. აქ იმიტომ ვართ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი დავიცვათ ყველამ ერთად. აქ ვარ იმიტომ, რომ ხვალ ამ ხალხის დანაბარები “არა რუსულ კანონს”, “არა რუსულ მთავრობას” პირში მივახალო და გადავცე “ქართულ ოცნებას”. ისინი თავისუფალ ნებას მოკლებულები არიან, ისინი რუსეთის კარნახით მოქმედებენ. თავისუფალი არჩევანი მათ არ აქვთ და თუ ვინმე დგას ცალ ფეხზე და თუ ვინმე აკეთებს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო საქმეს, ეს არის “ქართული ოცნება”. ის თავისუფლება დაკარგული ხალხია”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია – „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button