ფაჩულიას 300 ათასამდე ხმა მოუგროვდა

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ “ყველა ვარსკვლავთა მატჩის” გამოკითხვის მე-3 და ბოლო შუალედური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ზაზა ფაჩულიას მონაგარი 299 584 ხმაა და ის დასავლეთ კონფერენციის წინახაზელებს შორის ისევ მე-8 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ “დალას მავერიქსის” ქართველ ცენტრს გასული შედეგებით 194 421 ხმა ჰქონდა, ამდენად, მას 100 ათასზე მეტი ხმა შეემატა, თუმცა რეიტინგში აღსაზევებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

სხვა საქმეა, რომ ზაზა “სან ანტონიოს სპურზის” ლეგენდა ტიმ დანკანს მხოლოდ 4 ათასამდე ხმითღა ჩამორჩება და მიუწვდომელი არც “ნიუ ორლეანელი” ენტონი დევისი ჩანს.

ამასთან, ფაჩულია ისეთ აღიარებულ კალათბურთელებს უწრებს, როგორებიც დემარკუს ქაზინსი, დუაიტ ჰოვარდი, მისივე თანაგუნდელი დირკ ნოვიცკი და სხვები არიან.

არსებული შედეგებით, ზაზა თავისი 300 ათასამდე ხმით აღმოსავლეთ კონფერენციაში პაუ გასოლის წინ მე-5 პოზიციაზე იქნებოდა.

ამ დროისთვის ჩამონათვალში პირველ ადგილზე კობი ბრაიანტია 1 533 432 ხმით, მას კი კვალში სტეფ კარი და ლებრონ ჯეიმსი უდგანან.

გამოკითხვის შედეგად, თითოეული კონფერენციის წინახაზელებიდან “ოლ სტარზე” 3-3 საუკეთესო მოხვდება, უკანახაზელებიდან კი – 2-2 გამორჩეული.

ცნობისთვის, ხმის მიცემა 18 იანვარს შეწყდება, “ოლ სტარი” კი 14 თებერვალს, ტორონტოშია დაგეგმილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button