მნიშვნელოვანისაქართველო

“პანდა” “ფეისბუკის” ბრალდებების ნაწილს ადასტურებს

სარეკლამო კომპანია “პანდა”, რომელიც “ფეისბუკმა” რამდენიმე დღის წინ, გაუქმებულ პროსახელისუფლებო გვერდებთან დააკავშირა, ბრალდებების ნაწილს ადასტურებს.

“პანდა” აღიარებს, რომ ფეისბუკზე თავიანთი რესურსებით ოპოზიციას, კერძოდ კი “ნაციონალურ მოძრაობას” მიზანმიმართულად აკრიტიკებდნენ, თუმცა, ვიდეოს თანახმად, ისინი ამას აკეთებდნენ არა “ქართული ოცნების სიყვარულით”, არამედ “დიქტატურის დაბრუნების შიშით”.

“პანდა” ასევე ადასტურებს ფეისბუკის განცხადების იმ ნაწილს, სადაც წერია, რომ ისინი სისტემურად მუშაობდნენ.

“იმ უამრავი ბრალდებიდან, რომელიც მედიამ მოგვაკერა, ჩვენ ვადასტურებთ მხოლოდ მცირე ნაწილს. ფეისბუკის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში საუბარია ჩვენი მხრიდან ოპოზიციის კრიტიკაზე. დიახ, ჩვენ ჩვენს რესურსებში მართლაც ვაკრიტიკებდით ოპოზიციას, უფრო კონკრეტულად “ნაციონალურ მოძრაობას”, ჩვენ ამას არ ვაკეთებდით “ქართული ოცნების” სიყვარულით, არამედ ვაკეთებდით ქვეყანაში დიქტატურის დაბრუნების შიშით, რადგან ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენს თავზე გვაქვს გამოცდილი. მერვე კლასში ვიყავით, როცა ერთ-ერთ გადაცემაში გავაგზავნეთ პლაკატი, მაშინ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და დიქტატურას ვაკრიტიკებდით, მეორე დილიდანვე ჩვენს მიმართ პოლიციის მხრიდან დაიწყო დევნა და ფსიქოლოგიური ტერორი, იმავე დღეს ჩვენი მეგობრის მამა სახელმწიფო სამსახურიდან გაათავისუფლეს, ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ ჩვენი დაჭერით. რამდენიმე დღეა ცილს გვწამებენ და ჩვენს შესახებ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას. რა მოხდა სინამდვილეში? გამოქვეყნდა 2 დამოუკიდებელი დასკვნა, ერთის ავტორია ოფიციალური “ფეისბუკი”, ხოლო მეორე ეკუთვნის 2 ქართველს – ეთო ბუზიაშვილს და გივი გიგიტაშვილს. ეთო ბუზიაშვილმა საკუთარი ვარაუდის და არა ფაქტების საფუძველზე დადო დასკვნა, რომლითაც 5 ბრალდებას გვიყენებს, მათგან “ფეისბუკი” მხოლოდ 2-ს ადასტურებს. ბრალდება პირველი: ე.წ ფეიკ ნიუსების გავრცელება – “ფეისბუკი” ამას არ ადასტურებს. ბრალდება მეორე: მიკერძოებული პროფესიონალი ამტკიცებს, რომ საზოგადოების გახლეჩვას ვცდილობდით, “ფეისბუკი” ამას არ ადასტურებს, ბრალდება მესამე: მიკერძოებული პროფესიონალი ბრალს გვდებს ანტიამერიკულ პროპაგანდაში – “ფეისბუკი” ამას არ ადასტურებს. რას ამბობს “ფეისბუკი”? ისინი წერენ, რომ ჩვენ სისტემურად ვმუშაობდით. დიახ, ეს ასეა, ჩვენ სოციალურ ქსელში ვფლობთ და ვაქირავებთ რესურსებს. “ფეისბუკი” ამბობს, რომ ჩვენ კრიტიკულები ვიყავით ოპოზიციის მიმართ, დიახ, ჩვენ ამასაც ვადასტურებთ,”- ნათქვამია “პანდას” მიმართვაში.

ფეისბუკმა საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმა – მათი მტკიცებით, გვერდებს ყალბი ანგარიშის მქონე პირები იყენებდნენ. ფეისბუკის ცნობითვე, ამ გვერდებმა 300 000 დოლარზე მეტი დახარჯეს ფეისბუკსა და ინსტაგრამზე პოსტების რეკლამაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button