რეგიონისაქართველოსიახლეები

პანდემია და პრემიები ხულოს მერიაში

მაშინ, როცა ქვეყანა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს ებრძვის, ხულოს მერიამ თანამშრომლები ფინანსურად დააჯილდოვა. ხელფასზე 50%-იანი დანამატი მერიის 16 თანამშრომელს გასულ კვირას ჩაერიცხა. ხულოს მერიის პრეს-სამსახურმა TV25-ს ფაქტი მხოლოდ დღის ბოლოს დაადასტურა. კითხვებს დეტალურად არ უპასუხეს, თუმცა თქვეს, რომ თანამშრომლებმა დამატებით მიღებული ფული ბიუჯეტს უკან დაუბრუნეს.

TV25-ის წყაროს ცნობით, დაჯილდოებულთა შორისაა უწყების მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი. ნური გორგაძე მთელი დღის განმავლობაში კითხვებს გაურბოდა და იმალებოდა. მოგვიანებით, გორგაძემ ჟურნალისტებს წერილობითი პასუხი უპასუხა, თუმცა გაურკვეველი დარჩა, ვინ მიიღო პრემია. გარდა ამისა, საპასუხო წერილში არც ისაა დაკონკრეტებული, თუ რამდენი დაუჯდა ბიუჯეტს თანამშრომლების პრემირება.

ხულოს მერიამ არც ის დაადასტურა, ნამდვილად დააბრუნეს თუ არა თანამშრომლებმა თანხა ბიუჯეტში. სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს ხულოს მერმა და საკრებულოს თამჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას თანამშრომლები ოზურგეთის მერმაც დააჯილდოვა, რასაც პრემიერ-მინისტრის კრიტიკა მოჰყვა. „მე მესმის, რომ ეს ხალხი დღეს წინა ხაზზე იმყოფება და კორონავირუსს ებრძვის, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა. ისინი საჯარო მოხელეები არიან და ხალხს უნდა ემსახურონ და არა პრემიები აიღონ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ფაქტის კომენტირებისას. რა რეაგირება ექნება ფაქტზე რეგიონის პირველ პირს, ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button