პანდემიასთან ბრძოლას მასობრივი ვაქცინაციით ვიწყებთ-ეკატერინე ტიკარაძე

„გვინდა, დავაანონსოთ, რომ დღეს იწყება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი. ივლისიდან ჩვენ ველოდებით მილიონზე მეტ ვაქცინას. ვიწყებთ პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რომელიც გულისხმობს პანდემიის დამარცხებას მასობრივი ვაქცინაციით. დღევანდელი შეხვედრა რა თქმა უნდა, გულისხმობს, რომ კლინიკებთან ერთად გავიაროთ ყველა საკითხი, რომელიც შეიძლება, გადასაჭრელი იყოს მასობრივი ვაქცინაციის დაწყების პერიოდამდე, რათა ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ არანაირი შეფერხება პროცესში“– განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ასევე, ჯანდაცვის მინისტრი, მოსახლეობას თხოვნით მიმართავს და მოუწოდებს, რომ ვაქცინაციაში ჩაერთონ.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ ვაქცინაციის რამდენი პუნქტია ქვეყანაში, როგორია მათი გამტარუნარიანობა და რა არის შემდეგი გეგმა. ამ ეტაპზე პროცესში ჩართულია 200-მდე კლინიკა, სადაც მუშაობს ამცრელთა 281 ბრიგადა. თითო ბრიგადის გამტარუნარიანობაა 60 პაციენტი, 8-საათიანი გრაფიკით. თუმცა გასულ კვირას, კლინიკებმა გამოხატეს მზაობა, რომ გაზარდონ გამტარუნარიანობა ბრიგადების რაოდენობის ზრდისა და საათების დამატების შედეგად. ვინაიდან მოქალაქეების ნაწილი მუშაობს და შესაფერისი დრო სჭირდება ვაქცინის მისაღებად“, – განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.