საქართველოსიახლეები

პანდემიის გავლენა სატელევიზიო რეკლამაზე იანვარ-მარტში

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებს, COVID-19-ის ეპიდემიის გამოცხადებამდე, მზარდი ტენდენცია ჰქონდა. 2020 წლის პირველ კვარტალში, მარტის თვეში დაფიქსირებული 4%-იანი კლების მიუხედავად, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 7-%-ით გაიზარდა. სატელევიზიო არხების კომერციულმა შემოსავალმა, რომელიც რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს, 13 659 925 ლარი შეადგინა.

2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს – 317% დაუფიქსირდა, რომელსაც 231%-ით სტუდია მაესტრო მოსდევს. 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2020 წელს 189%-იანი ზრდა აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჯი-დი-ეს თი-ვი-ს – 56%, ტელეკომპანია პირველს 50%, ხოლო ტელეიმედს 27%-იანი ზრდა დაუფიქსირდა.

სარეკლამო შემოსავლების კლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დაუფიქსირდა და მისი სარეკლამო შემოსავალი განახევრდა, სილქნეტს კი 65%-იანი კლება აქვს. 48%-იანი კლება უფიქსირდება ტელეკომპანია „კავკასიას“, სარეკლამო შემოსავალი რაგბი ტვ-ს 45%-ით, ხოლო სეტანტა ჯორჯიას 40%-ით შეუმცირდა.

2020 წლის პირველ კვარტალში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ჭრილში ასე გადანაწილდა: ტელეიმედი – 5 404 783.27 ლარი; სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” – 2 555 286.62 ლარი; საზოგადოებრივი მაუწყებელი – 438 038.97 ლარი; ტელეკომპანია პირველი – 927 809.19 ლარი; მთავარი არხი – 1 859 641.48 ლარი; სილქნეტი – 229 656.03 ლარი; ჯი-დი-ეს თი-ვი – 437 105.48 ლარი; პოსტვ – 465 590.91 ლარი; სეტანტა ჯორჯია – 140 829.45 ლარი; რ.ბ.ჯ – 116 980.19 ლარი; ტვ 25 – 123 116.93 ლარი; პალიტრა TV – 109 692.80 ლარი; სტუდია მაესტრო – 132,764.00 ლარი; რაგბი ტვ – 53 573.00 ლარი; ტელეკომპანია „კავკასია“ – 46 468.78 ლარი; ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი – 96 280.00 ლარი; არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი – 48 890.00 ლარი; ბასტი-ბუბუ – 34 570.00 ლარი; ფოკუს სტუდიო – 36 529.66 ლარი; სხვა – 402 317.85 ლარი.

სარეკლამო შემოსავლების თვალსაზრისით, მარტის თვისთვის, სატელევიზიო მაუწყებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, მხოლოდ კომერციული და სასპონსორო ტიპის რეკლამებით დაგენერირებულ შემოსავლებში 1%-იანი, ხოლო ჯამურ სარეკლამო შემოსავლებში – 4%-იანი კლება ფიქსირდება. სავარაუდოდ, კლების მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება აპრილის თვეში.

2020 წლის პირველ კვარტალში სატალევიზიო სარეკლამო შემოსავლებში დაფიქსირებული ზრდის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ COVID-19-ის გავრცელება სარეკლამო ბაზარზე მთელი წლის ჭრილში უარყოფითად აისახება. თუმცა, შეზღუდვების მოხსნა და ბიზნესების გახსნა ხელს შეუწყობს სარეკლამო აქტივობების განახლებას.

ამასთან 2020 წელი საარჩევნო წელია და სავარაუდოდ, ფასიანი პოლიტიკური რეკლამებისგან მიღებული შემოსავლები მაუწყებლებისთვის დააბალანსებს კომერციული სექტორის სარეკლამო აქტივობის კლებას.

კომისიის პროგნოზით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგებისა, წლის ჭრილში 2020 წელს სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button