პანკისის სათემო რადიო – შესაძლოა დღეს დაგვარბიონ
პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, დღეს, 5 სექტემბერს, ხეობაში პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ მორიგი აქციის გამართვა იგეგმება. აქცია ორგანიზებულია როდის სკოტის ფონდისა და რამდენიმე რადიკალურად განწყობილი ჯგუფის მიერ, სალაფიტური თემის ზოგიერთი ლიდერის, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერით.
რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პანკისის სათემო რადიოს დახურვას ითხოვენ. პანკისის სათემო რადიოს დამფუძნებელთან საუბარში მათ აღნიშნეს, რომ რადიო არაობიექტურად აშუქებს 37 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობის საქმეს, რასაც ჰესების მშენებლობაზე, ორ გვარს შორის დაწყებულ დავას უკავშირებს. მათივე განცხადებით, სათემო რადიო პატივს არ სცემს ქისტების წესებს და აქტიური გაშუქებით ხელი შეუწყო სამი ახალგაზრდის დაკავებას, რომლებმაც ქუჩაში შორტებით გასვლის გამო მამა-შვილს სცემეს და მამას ხელი მოტეხეს.
პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, დღეს დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ის პირია, ვინც ხეობაში უკანონო შეიარაღებულ ჯგუფს ხელმძღვანელობს.
აღნიშნულ ჯგუფს უკავშირდება 2019 წლის 27 ნოემბერს, სოფელ საკობიანოში, პოლიციელების თვალწინ ვისური მუთოშვილის მკვლელობა, თუმცა სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით, მხოლოდ 2 პირი დააკავეს.
საყურადღებოა, რომ სოფელ დუისში, 2020 წლის 29 აგვისტოს გამართულ აქციაზე, პანკისის სათემო რადიოს ოფისის დარბევითა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლით ღიად დაემუქრნენ.
29 აგვისტოს, აქცია დუისის პოლიციის განყოფილებიდან 10 მეტრში მიმდინარეობდა. გამომსვლელები ხმის გამაძლიერებელსაც იყენებდნენ. მუქარის შემცველი განცხადებების ამსახველი ვიდეო პანკისის სათემო რადიომაც გაავრცელა, ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებშიც განთავსდა. კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება.
მუქარის გამო, მოსალოდნელი თავდასხმის/ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, პანკისის სათემო რადიოს ხელმძღვანელობამ დღეს გააუქმა ხეობაში, ჟურნალისტური საქმიანობისა და ტექნიკური სამუშაოების განსახორციელებლად დაგეგმილი სამუშაოები და მივლინებები. თუმცა, პანკისის სათემო რადიოს შეატყობინეს, რომ რადიკალურად განწყობილმა ჯგუფებმა, შესაძლოა, დღეს რადიოსტუდია დაარბიონ.