პარიზში უპილოტო ავტობუსები ამოქმედდა [VIDEO]
პარიზში პირველი თვითმართვადი ავტობუსები გამოჩნდა, რომელსაც 10-12 მგზავრის დატევა შეუძლია.
საფრანგეთის დედაქალაქში 2 უპილოტო ელექტროძრავიანი ავტობუსი ექსპერიმენტის სახით აამოქმედეს. წარმატების შემთხვევაში ქალაქის მმართველობა მზადაა, რომ მომავალში ამ სახის ტრანსპორტი განავითაროს, – იუწყება Le Mobiliste.
ორივე ავტობუსი ლიონის რკინიგზის ტერმინალიდან აუსტერლიცის რკინიგზის სადგურამდე მოკლე მარშრუტს ასრულებს.
ახალი სატრანსპორტო საშუალების სახურავზე სენსორია დამონტაჟებული, რომელსაც გზაზე წინააღმდეგობის ამოცნობა შეუძლია, ასევე იგი მგზავრის ხელი დაქნევაზეც რეაგირებს, რათა უკანასკნელმა ავტობუსში ჩაჯდომა შეძლოს.
უპილოტო ელექტრომობილი ლაზერული მანძილმზომებითა და კამერებითაა აღჭურვილი, რომელიც ადამიანებთან და მანქანებთან შეჯახებისგან დაიცავს.
ავტობუსის შემქმნელების მტკიცებით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება სავსებით უსაფრთხოა, ვინაიდან ის საგანგებოდ გამოყოფილ ინდივიდუალურ ხაზზე დაბალი სიჩქარით მოძრაობს.