პარლამენტი ახალი მთავრობას 28 ნოემბერს დაამტკიცებს
საქართველოს ახალ პრეზიდენტს კოლეგიის 300 წევრი 14 დეკემბერს აირჩევს

ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც ქართული ოცნების წევრებისგან შედგება, საქართველოს ახალ მთავრობას 28 ნოემბერს დაამტკიცებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, 28 ნოემბერს ფრაქცია ქართული ოცნების სხდომაზე მინისტრობის კანდიდატები განიხილება.
“28 ნოემბერს, 11 საათზე იქნება ფრაქცია ქართული ოცნების სხდომა, სადაც განიხილება მინისტრობის კანდიდატები, ხოლო 12 საათზე უკვე პლენარულ სხდომაზე იქნება წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობა და დავამტკიცებთ მთავრობის შემადგენლობას” – თქვა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
ქართულ ოცნებას სურს, ახალი პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩაატაროს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, კანონმდებლობიდან გამომდინარე, მესამე კვირა დღეს, ანუ 29 დეკემბერს უნდა გაიმართოს.
კენჭისყრისთვის რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 85-მა წევრმა. არჩევნების 14 დეკემბერს ჩატარებას მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა არცერთის წინააღმდეგ.
ამასთან, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს შედგება.
პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის თანახმად, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ანუ საერთო-საყოველთაო არჩევნებით აღარ აირჩევა და პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება პარლამენტს ექნება. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგიას დაამტკიცებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. კოლეგია 300 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, მათ შორის იქნებიან პარლამენტის 150-ვე წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრი და თვითმმართველობის წარმომადგენლები (109 წევრი) 2021-2022 წელს პარტიების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციის შესაბამისად. ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს ექნება.არჩევნები საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეეძლება, მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს 200 ხმაა საჭირო.. კანდიდატი აღნიშნულ რაოდენობას თუ ვერ მოაგროვებს, გაიმართება მეორე კენჭისყრა, სადაც უბრალო უმრავლესობით მოხდება არჩევა ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტი გახდება ის, ვისაც მეტ ხმას მისცემენ.. რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკობრივ ცენზს, კონსტიტუციით, პრეზიდენტად შეიძლება არჩეული იყოს საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც ქვეყანაში 15 წელი ექნება ნაცხოვრები.
ცნობისთვის საპრეზიდენტო არჩევნებზე დადგენილება ქართულმა ოცნებამ პლენარულ სხდომაზე განიხილა და თვითონვე უყარა კენჭი.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტად 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, ინაუგურაცია კი 16 დეკემბერს გაიმართა.
სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტი იქნება. ახალ პრეზიდენტს 5 წლის ვადით უკვე საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
საქართველოს მე-11 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბა, რომელიც ქართული ოცნების წევრებისგან შედგება.