მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს ხვალ დასრულდება პროცესი -პარლამენტის თავმჯდომარე

ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე, რომელმაც 29 აპრილს რუსული კანონის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა, ახლა ქართულ ოცნებას მოუწოდებს, ხვალ ვეტო არ დაძლიოს

ვფიქრობ, რომ ხვალ დასრულდება პროცესი და რა თქმა უნდა, პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურაზე.

მან სხდომის პროცედურები განმარტა და აღნიშნა, რომ დაახლოებით 2-3 საათი განცხადებები გრძელდება, შემდეგ ვეტოს საკითხს განიხილავენ.

„ქართველი ხალხის ინტერესია, რომ უცხოური დაფინანსება, რომელიც შემოდის და მათ ცხოვრებაზე გავლენას ახდებს, იყოს ცნობილი – საიდან შემოდის და რაში იხარჯება. ეს არის ქართველი ხალხის ინტერესი და ნება, რომ ეს უფლება თავს არ წაართვას და არ იყოს უცხოელების და NGO-ების კეთილგანწყობაზე დამოკიდებული – ვინ თავისი ნებით გადაწყვეტს გასაჯაროებას და ვინ არ გადაწყვეტს. ეს არის საქართველო, ეს არის საქართველოს მოქალაქეების სახელმწიფო და ამ სახელმწიფოში, რაც შემოდის უცხოური ფული და იხარჯება ისეთ საკითხებზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზე ახდენას გავლენას, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, ამასთან დაკავშირებით ყველა დეტალი იცოდეს. ეს არის ქართველი ხალხის ინტერესი, ქართველი ხალხის ნება, საქართველოს პარლამენტი მოქმედებს ქართველი ხალხის მანდატით და რა თქმა უნდა, მათი ნება უნდა აღსრულდეს“ , – განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება სხდომაზე ოპოზიციის დასწრებას, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ჩამოუყალიბებელი ხალხია, რომელიც მითითებას გარედან ელოდება.

„რაც შეეხება პროცედურას, დღეს ოპოზიცია კომიტეტზე იყოს, არ ვიცი, ხვალ იქნებიან თუ არა სხდომა, ამაზე და რა თქმა უნდა, ამაზეც არის დამოკიდებული. განაცხადეს ბოიკოტი და სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, ისევ ბოიკოტში არიან თუ არ არიან, ზოგადად ჩამოუყალიბებელი ხალხია ოპოზიცია. განა თვითონ პოზიციას ვერ იყალიბებენ, ყველა ადამიანს შეუძლია დაგეგმოს თავისი ცხოვრება, მათ შორის პოლიტიკური .[ოპოზიცია ჩამოუყალიბებელია] იმიტომ, რომ ელოდებიან მითითებებს გარედან. ქვეყნის გარედან რომ პარლამენტის წევრები მითითებებს ელოდებიან და ეტყვიან, ბოიკოტში გავიდნენ თუ არ გავიდნენ, ეს ხომ საერთოდ კატასტროფაა“ , – ანაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი ტრადიციული პროპაგანდით ამტკიცებს რუსული კანონის საჭიროებას და თავს ესხმის ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს, ევროპელ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს. ის დასავლელ დონორებს ქვეყანაში “გაუმჭვირვალე” ფულის შემოტანასა და “დესტაბილიზაციის” მცდელობებში ადანაშაულებს.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, ხვალ, 28 მაისს, ვეტოს საკითხი პლენარულ სხდომაზე პირველივე საკითხად გავა და პოლიტიკური განცხადებების დასრულების შემდეგ, ჯერ მისი განხილვა დაიწყება, შემდეგ კი კენჭისყრა.

იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტოს დღეს მხარი არ დაუჭირა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა

ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე, რომელმაც 29 აპრილს რუსული კანონის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა, ახლა ქართულ ოცნებას მოუწოდებს, ხვალ ვეტო არ დაძლიოს, ან კანონის ამოქმედება გადაწიოს.

ფხაკაძის განცხადება:

“მოგესალმებით მეგობრებო!

როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე და ბიზნესმენი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

წინა განცხადების მსგავსად, კვლავ, ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებ ჩემს ურყევ პოზიციას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგულებისა და ამ კურსის უალტერნატივობის შესახებ.

ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად დღემდე ვერ გამოინახა კონკრეტული კომპრომისული გზა, ჩემი აზრით, მიზანშეწონილი იქნებოდა, ქვემოთ მოცემული ორი ოფციიდან ერთ-ერთის არჩევა.

პირველი, ხვალ ხელისუფლებამ გადადოს ვეტოს განხილვა; ავიღოთ გარკვეული პერიოდი და ეს დრო გამოვიყენოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან შემდგომი კონსულტაციებისთვის, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო პოლიტიკური კურსი.

ან მეორე ოფცია, არსებული სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და კანონში ცვლილების განხორციელების გზით, კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის დასაწყისი, ვთქვათ, 1 იანვარი. ამ შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნების შედეგები იქნებოდა განმსაზღვრელი, თუ რამდენად მისაღებია ეს კანონი ჩვენი მოსახლეობისთვის.

აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთ მოყვანილი ორივე ოფცია ეფუძნება არსებული ვითარების ანალიზს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ვფლობ როგორც ერთ-ერთი ბიზნესმენი.

იმედი მაქვს, ჩემი გულწრფელი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება უფლებამოსილი პირების მიერ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას”.

ფხაკაძე ერთ-ერთია იმ ბიზნესმენებს შორის, რომლებმაც კოორდინირებულად გაავრცელეს რუსული კანონის მხარდამჭერი განცხადებები.

მსგავსი პოსტები

Back to top button