მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

,,კანონის მიღებამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან,,-კამალა ჰარისმა პრეზიდენტს წერილი მისწერა

24 მაისით დათარიღებული წერილი აშშ-ის საელჩომ გაასაჯაროვა 27 მაისს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიწერილ წერილში, რომელიც 24 მაისით თარიღდება, საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და რუსულ კანონზე საუბრობს. წერილში ნათქვამია, რომ ის და პრეზიდენტი ბაიდენი დიდი შეშფოთებით ადევნებენ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც ჰარისი წერს, კანონის მიღებამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან. ის მიესალმება პრეზიდენტის მიერ ამ “ანტიდემოკრატიული ინიციატივისთვის” ვეტოს დადებას და ამბობს, რომ შეერთებული პრეზიდენტისა და ყველა ქართველის გვერდით დგას უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაში.

“ქალბატონო პრეზიდენტო, პრეზიდენტი ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ვწუხვართ მოვლენების ისეთ განვითარებაზე, როგორიცაა ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. ჩვენ მივესალმებით თქვენს ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომ ვეტო დაადეთ ამ ანტიდემოკრატიულ ინიციატივას და ერთგულად იცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც საქართველოში საფრთხის ქვეშ არის.

შეერთებული შტატები სამ ათწლეულზე მეტია მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცედ გრძელდება. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, საერთო ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემას. ჩვენ მხარდამხარ ვიბრძოდით ავღანეთში და შეერთებული შტატები არის საქართველოსთვის საგარეო დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელი, რათა ხელი შეუწყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აშენებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და თქვენი სამხედრო ძალების მოდერნიზებას.

ქართველი ხალხი ნათლად აცხადებს, რომ მას სურს მომავალი ევროკავშირსა და ნატო-ში. მათ მიაჩნიათ, რომ უცხოური აგენტების კანონპროექტი ამ მომავალს საფრთხეს უქმნის და ამიტომ მკაცრად ეწინააღმდეგებიან მას. მათ აქვთ სრული უფლება მიისწრაფოდნენ ამ მომავლისკენ და ძალა არ უნდა იყოს გამოყენებული მათი მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშესაშლელად.

ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლიდერობასა და ძალისხმევას, დაიცვათ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. თქვენს ძალისხმევას კვლავ ექნება არსებითი მნიშვნელობა, რადგან ქართველ ხალხს თქვენი იმედი აქვს, რომ დაიცავთ დემოკრატიასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები თქვენი და ყველა ქართველის გვერდით დგას უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაში”, – აღნიშნა კამალა ჰარისმა.
23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა“.

ეს პოლიტიკა მოჰყვა „აგენტების კანონის“ – ფორმალურად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ სამი მოსმენით მიღებას. 27 მაისს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა.

კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლებისა და დასავლეთიდან მოწოდებების, ასევე ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნება” არ აპირებს, უარი თქვას კანონზე.

პარლამენტი, სადაც უმრავლესობას „ქართული ოცნება“ ფლობს, სამშაბათს, 28 მაისს დანიშნულ პლენარულ სესიაზე გეგმავს ვეტოს დაძლევას.

მსგავსი პოსტები

Back to top button