მნიშვნელოვანისიახლეები

ლარი არსებულ ყველა ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა-ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება საქართველოში დაიწყო „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ

ლარი დოლართან მიმართებით 4,34 თეთრით, ევროსთან კი 5,18 თეთრით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა 40-ზე მეტ სხვა ვალუტასთანაც.

ხვალ, 28 მაისს:

ერთი დოლარის ოფიციალური კურსი 2,768 ლარი იქნება;
ერთი ევროს ღირებულება კი 3,0058 ლარი.
დღეს მოქმედი კურსით ევრო 2.9540 ლარი იყო.

ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება საქართველოში დაიწყო „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ, 15 მაისიდან. ლარის კურსზე ზეწოლის შესამცირებლად, 16 მაისს ეროვნულმა ბანკმა 60 მლნ დოლარი გაყიდა. ცენტრალური ბანკის განცხადებით, გადაწყვეტილება მიიღეს სავალუტო ბაზარზე ბოლო დღეებში „განვითარებული აჟიოტაჟური პროცესების“ გამო, რასაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიც.
ლარის ოფიციალური კურსი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადებული გარიგებების მიხედვით დგინდება.

იმის მიუხედავად, რომ ლარის გაუფასურება “აგენტების კანონის” მიღების შემდეგ დაიწყო, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას თქმით, სპეკულაციაა იმაზე ლაპარაკი, რომ აშშ-დან მოსალოდნელი სანქციები საბანკო სექტორსა და ლარის კურსს დააზიანებს.

„სანქციებთან დაკავშირებით რაც კი რამ გაჟღერდა, ეს არის შესაძლო სამოგზაურო შეზღუდვები, რასაც საფინანსო სისტემასთან არაფერი კავშირი არა აქვს. მინდა მოვუწოდო პოლიტიკოსებს, ნუ ეცდებიან სპეკულაციას – ნუ გადააბამენ სანქცირების თემას ლარის კურსს, საფინანსო ბაზარს, თითქოს ეს საბანკო სექტორს არტყამს“, – თქვა ნათია თურნავამ. ლარის კურსის სტაბილურობა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათგან მნიშვნელოვანია ე.წ. საგარეო შემოდინებები. ეს საგარეო შემოდინებები რეალურად არის ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლა, რაც საქართველოს შემთხვევაში ხდება ტურიზმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულით [ფულადი გზავნილები] და ექსპორტით. თუ ეს მაჩვენებლები უმჯობესდება, არსებობს მოლოდინი, რომ ლარი დოლარსა და სხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით მყარი იქნება.

იანვარ-აპრილში ექსპორტი 10%-ით შემცირდა; დაახლოებით 500 მლნ დოლარით არის შემცირებული ფულადი გზავნილებიც; ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი იანვარ-მარტში 1.5%-ით გაიზარდა; წლევანდელ ინვესტიციებზე ინფორმაცია საქსტატს ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ტურიზმთან, ექსპორტსა და ემიგრანტების გადმორიცხულ ფულთან შედარებით, ინვესტიციების მოცულობა მცირეა.

ამასთან 23 მაისს საქართველოს პარტნიორი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომელიც „აგენტების კანონს“ შეეხებოდა და რომლის მიხედვითაც, შეზღუდვებს დაუწესებენ „ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან. შეზღუდვები გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც.

„არაფერი ამ კუთხით ჩვენს საფინანსო სისტემას არ ემუქრება… სანქციებთან დაკავშირებით რაც კი რამ გაჟღერდა, ეს არის შესაძლო სამოგზაურო შეზღუდვები, რასაც საფინანსო სისტემასთან არაფერი კავშირი არა აქვს. მინდა მოვუწოდო პოლიტიკოსებს, ნუ ეცდებიან სპეკულაციას – ნუ გადააბამენ სანქცირების თემას ლარის კურსს, საფინანსო ბაზარს, თითქოს ეს საბანკო სექტორს არტყამს. ეს არის სპეკულაცია – საუბარი იყო სამოგზაურო სანქციებზე, არანაირი ბმა არ არის.

თეორიულად, რომც მოხდეს გარკვეული ინდივიდუალური ფინანსური სანქციები, ეს არის ინდივიდუალური „ქეისი“, რომელზეც გვაქვს გამოცდილება, ბანკებთან ერთად განვიხილავთ და გავდივართ რეაგირების ჩარჩოს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა. საქართველოს ეროვნული ვალუტა – ლარი – დოლართან, ევროსთან და 40-ზე მეტ სხვა ვალუტასთან მიმართებით „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით მიღებიდან რამდენიმე საათში გაუფასურდა. ნათია თურნავამ, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, წლების განმავლობაში იკავებდა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას, დეპუტატებს უთხრა, რომ „საჭირო შემთხვევაში“ ბანკი დოლარს კვლავ გაყიდის.

გასული წლის სექტემბერში, როცა აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“ დაუწესა სანქციები და შეუზღუდა „აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება“, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ბრძანება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით 19 სექტემბერს გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. რეგულატორმა ბრძანებაში გაიმეორა მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის არგუმენტები.

მსგავსი პოსტები

Back to top button