მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პრეზიდენტის ვეტოს 27 მაისს განიხილავს

თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნება, - მეთიუ მილერი

27 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს.

სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განხილვა კომიტეტის დღის წესრიგში პირველ საკითხად არის განსაზღვრული.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო.

პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 (თანასწორობის უფლება), 22-ე (გაერთიანების თავისუფლება), მე-15 (პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები), 78-ე (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) მუხლებს.

„ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური – მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია.

შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და ქართველის ხალხის ნებას წარმოადგენს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე”, – წერს პრეზიდენტი პარლამენტისთვის გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში.

პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.
მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.

თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მეთიუ მილერი განაცხადა.

დიპლომატიური უწყების პრეს-სპიკერი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თაობაზე ვაშინგტონის შეშფოთების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ ის მეგობრობაა, რაც ამერიკასა და საქართველოს ათწლეულებია აკავშირებს.

„ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულნი ვართ ამ კანონით. ამის მიზეზი ნაწილობრივ სწორედ ის შესანიშნავი მეგობრობაა, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს. თუკი გასულ 30 წელს თვალს გადაავლებთ, ჩვენს ორ ქვეყანას, ორ ხალხს უდიდესი კავშირი ჰქონდა. ჩვენ სრულად ვუჭერდით მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სრულად ვუჭერდით მხარს ევროპასთან მეტ ინტეგრაციას, ნაბიჯებს, რომელსაც დემოკრატიის გასაფართოებლად დგამდნენ. სწორედ ამიტომ, როდესაც ვხედავთ ამის მსგავს უკან გადადგმულ ნაბიჯს, როცა ვხედავთ, რომ იღებენ კანონს, რომელიც საკმაოდ მკაფიოდ ეფუძნება რუსეთში [არსებულ] კანონებს, რომელთა მხარდამჭერი მოქმედებებიც სწორედ რუსეთის ორბიტაზე მყოფი ქვეყნებისგან გვინახავს, ეს ჩვენ ძალიან სერიოზულად გვაშფოთებს. სერიოზულად შეშფოთებული არაა მხოლოდ შეერთებული შტატები და არა მხოლოდ ევროპული საზოგადოების წევრები, არამედ უპირველესად, ქართველი ხალხი. ამას დაინახავთ, თუ შეხედავთ საქართველოს ქუჩებში ოპოზიციის, პროტესტის ნაკადს…. ყოველ ეჭვგარეშე, თუკი საქართველო გადადგამს ამ ნაბიჯს, თუკი პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას ძალიან მკაფიოდ ექნება შედეგები საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე. ამას ექნება შედეგი სხვა ევროპულ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე და საბოლოოდ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე“, – განაცხადა მილერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button