პარლამენტის საგაზაფხულო სესია ქვეყნის მდგომარეობის შესახებ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნება-ხვალინდელ სხდომაზე პარლამენტი სხვა საკითხებს არ განიხილავს
ყველაშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატი წარუდგინა

ხვალ, 4 თებერვალს პარლამენტში საგაზაფხულო სესია ქვეყნის მდგომარეობის შესახებ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნება. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტს თავდაპირველად, პრეზიდენტის თანამდებობაზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული ყაველაშვილი მიმართავს. ამის შემდეგ სიტყვით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი გამოვა.
„საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია 4 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გაიხსნება, რომელიც ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს დაეთმობა. რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ასეც გავხსნით ჩვენ ხვალ საგაზაფხულო სესიას. როგორც იცით, იმ დღეს, პრეზიდენტის მოხსენებასთან ერთად, სხვა საკითხები არ განიხილება. ამიტომ ხვალ გვექნება ერთადერთი საკითხი პრეზიდენტის მოხსენების სახით და შემდეგ უკვე ოთხშაბათსა და ხუთშაბათს – საკანონმდებლო პროცესი, კანონპროექტების განხილვა და სხვა საკითხები. ვნახოთ, როგორ ინტენსიურად წარიმართება ჩვენი სასესიო კვირა. ვვარაუდობ, რომ პარასკევი შეიძლება სესიისთვის არ დაგვჭირდეს, თუმცა ვნახოთ, როგორ გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს 4-7 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები და ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. მათ შორის, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც, ინიციატორების თხოვნით, დაჩქარებული წესით განიხილება.
მიმდინარე სასესიო კვირაში კანონმდებლები ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით მომზადებულ პარლამენტის დადგენილების პროექტზეც იმსჯელებენ, რომელიც „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ შექმნას შეეხება.
ბიუროს წევრები საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ. მათ შორის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობიდან წევრების გამოწვევის შესახებ.
„დელეგაციის წევრებმა მათი უფლებამოსილებების შეწყვეტის შესახებ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ინდივიდუალურად მიმართეს. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ამის შემდეგ უკვე მეც მივმართავ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში წევრები არ არიან და ამაზე შესაბამისი ინფორმაცია იქნება მიწოდებული იმ განმარტებით, რაც არაერთხელ საჯაროდაც გაკეთდა. ჩვენ ველოდებით, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაუბრუნდება თავის პირვანდელ ღირებულებებს, რომელიც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზეა დამყარებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ხვალინდელ სხდომაზე პარლამენტი სხვა საკითხებს არ განიხილავს და სხდომა ამით დაიხურება.
ოლიგარქის პრეზიდენტმა მიხეილ ყველაშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატი წარუდგინა, ესენი არიან: აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საკითხს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს.
„შემდეგი საკითხი გახლავთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი პირები, რომლებიც პრეზიდენტმა წარმოადგინა. როგორც იცით, არის ოთხი ვაკანსია და პრეზიდენტმა წარმოადგინა ვაკანსიაზე კანდიდატები, კერძოდ: ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ნინო ჯელაძე, ლევან ძნელაძე. საკითხი განსახილველად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცემა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ლევან ძნელაძე, შევარდნაძის მთავრობაში ქონების მართვისა და პრივატიზაციის მინისტრის და საგადასახადო შემოსავლების მინისტრის პოსტებს იკავებდა. იყო რამდენიმე სააქციო საზოგადოების გენერალური დირექტორი. 2009-2011 წლებში კი ს.ს “ქართუ ჯგუფის” ფინანსური დირექტორი.2020 წლიდან ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსია.
ნინო ჯელაძე, 18 წელი პროკრედიტ ბანკში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო კონსულტანტი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. 2024 წლიდან სებ-ის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსია.
ვახტანგ ბურკიაშვილი ეროვნული ბანკის მოქმედი CEO და საზოგადოება “2030”-ის ყოფილი ანალიტიკოსია. სებ-ის აღმასრულებელ დირექტორს 2016 წელს ქართული ოცნებისთვის 50 000 ლარი აქვს შეწირული.
ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი
ამჟამად ეროვნულ ბანკს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა მართავს.
2023 წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა საბჭოს ორი აღმასრულებელი წევრი აირჩია – ვიცე-პრეზიდენტების პოსტები ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ დაიკავეს. თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი კი საბჭოს არააღმასრულებელი წევრები არიან.
2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემული საგამონაკლისო ბრძანების მიმართ პროტესტის ნიშნად, ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის პირობებში, 2023 წლის ბოლოს პარლამენტმა დაბლოკა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე.