პარლამენტის წინა პერიმეტრზე სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმართულებით პიროტექნიკის სროლა დაიწყეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს. მათ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკის სროლა დაიწყეს. დემონსტრანტები პარლამენტის შენობის მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისვრიან. აქციის მონაწილეები იყენებენ ლაზერის განათებასაც.
აქციის დაწყების დროიდან, დემონსტრანტები მოუწოდებდნენ ერთმანეთს, რომ არ გამოეყენებინათ პიროტექნიკა და სხვა საშუალებები, თუმცა აქციის დაწყებიდან სამი საათის შემდგომ, ვითარება შეიცვალა.
აქციის მონაწილეები რკინის კონსტრუქციებზე ხელების ბრახუნით ხმაურს იწვევენ.
ამ დროისთვის, პარალმენტის მიმდებარედ სამართალდამცველების მობილიზებაა. მათ 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე კორდონი აქვთ გაკეთებული. ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე ფარებით დგანან.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებულები არიან თავისუფლების მოედანზე, სადაც ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცტექნიკაც დგას.
შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა რუსაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი
თბილისში მიმდინარე აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული ხუთი პირიდან სამს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დანარჩენი ორის საქმე ჯერ არ განხილულა. ინფორმაციას ავრცელებს „ინტერპრესნიუსი“.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ატარებს: 187-ე (ნივთის დაზიანება) და 353-ე პრიმა (პოლიციელზე თავდასხმა) მუხლებით. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ:
21 წლის ახალგაზრდას, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან;
არასრულწოვანს, 17 წლის მოზარდს 29 ნოემბერს პარლამენტის შენობაში ცეცხლმოკიდებული ნივთის სროლას ედავებიან;
27 წლის კაცს პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებული 112-ის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ელექტრო სადენებს და კვების ბლოკისთვის ცეცხლის გაჩენას.
მეექვსე ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო. „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89 შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა, საიდანაც 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს.