მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

პარლამენტმა “ტყის კოდექსი” დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ტყის კოდექსი დაამტკიცა. საპატრიარქოს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰექტრისა თითოეულის შემთხვევაში.

ტყის კოდექსის შესახებ არაერთი განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ისინი ცვლილებების ამ ფორმით მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) განცხადებით, ინიციატივა დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას, ასევე, არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს.

TDI აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონებისა და დაფინანსების მასშტაბი წინაასარჩევნო პერიოდებში იზრდება. ორგანიზაციის შეფასებით, ეს ხელისუფლების მხრიდან გავლენიანი ინსტიტუტის მიერ პოლიტიკური მხარდაჭერის სურვილით შეიძლება აიხსნას.

კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) შეფასებით, ცვლილებები ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და სტრატეგიული ბუნებრივი რესურსების მართვის და განაწილების უსამართლო პრაქტიკას ქმნის.

EMC-შიც ვარაუდობენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დამატებითი პრივილეგიების გადაცემის ამ ინიციატივას, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო კონტექსტში საპატრიარქოს ლოიალობის მოპოვების ინტერესი აქვს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა კანონპროექტის საპარლამენტო კომიტეტში განხილვის დროს თქვა, რომ სიცრუეა, თითქოს ხელისუფლება საპატრიარქოს ტყეებს საარჩევნოდ გადასცემს. მან აღნიშნა, რომ მიზანი ტყის მოვლა და მომავალი თაობებისთვის შენახვაა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ რას ფიქრობდა კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, ეკლესიას დამატებითი ტერიტორიები გადაეცემა.

“ეკლესიიდან გამოსული არ ვაკეთებ კომენტარებს”. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button