საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის ცხედარს ოჯახი ვერ იბრუნებს

საოკუპაციო რეჟიმის ბოლო მსხვერპლის ცხედარს ოჯახი ვერ იბრუნებს. ახალგორის მცხოვრების, 63 წლის ჯუმბერ მილაძის ცხედარი მეოთხე დღეა გორის პროზექუტურაშია დასვენებული და მას, სიკვდილის გამომწვევ მიზეზებთან ერთად, ექსპერტიზა კორონავირუსზეც უტარდება.
ოჯახი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და ცხედრის მშობლიურ ახალგორის რაიონში გადასვენებას ითხოვს, სადაც გარდაცვლილს მისი ერთადერთი დამტირავი, მეუღლე ელოდება.
მილაძეების მოთხოვნის გათვალისწინება არ მოხდა და ცოტა ხნის წინ ცხედარი, დამატებითი ექსპერტიზის მიზნით, რუსთავში გადაასვენეს. ოჯახი ამბობს, რომ მამაკაცი დაგვიანებულ მკურნალობას ემსხვერპლა და მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა.
ცნობისთვის, მილაძეს ჯანმრთელობის პრობლემები 10 მაისს შეექმნა და ის ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ოჯახი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას ითხოვდა. ამის საშუალება კი, მათ მხოლოდ 10 დღის შემდეგ მიეცათ. 63 წლის მამაკაცი 20 მაისს გზაში, გორის მისადგომებთან, სამედიცინო დახმარების მანქანაში, საავადმყოფოში შეყვანამდე გარდაიცვალა.
ახლა კი, ოჯახი ცხედრის დაბრუნებას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს.