მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა გადაიდო

პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა კიდევ ერთხელ – ამჯერად ორი თვის ვადით გადავადდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიმართვის საფუძველზე მიიღო.

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი 91 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტს გასული წლის ივნისში წარედგინა. პროექტი პირველი მოსმენით სექტემბერში მიიღეს, რის შემდეგაც განხილვის პროცესი გაჩერდა.

პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით – 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ტარდება.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. მისი განცხადებით, იმის მაგივრად, რომ ეს საკითხი საქართველოს პარლამენტში ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს, ბიურო კენჭს უყრის საკითხების განხილვის გადადებას.

“რა გვიშლის ხელს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით განვიხილოთ? რატომ არ არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს პარლამენტში?! რატომ არ ვგრძნობთ იმ ისტორიულ მომენტუმს, რომელიც გაიხსნა ძალიან მძიმე მოვლენების შედეგად და რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს?! და ამ დროს ბიურო კენჭს უყრის იმას, რომ გადაიდოს კიდევ ამ საკითხების განხილვა,” – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი არის სწორედ ის ხელისუფლება, რომელმაც კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაწერა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ნომერ პირველი ამოსავალი წერტილი გახლავთ დავალდებულება ჩვენი ხელისუფლების შტოებისთვის და ორგანოებისთვის, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რათა საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების ინტეგრაციაში იყოს წარმატებული.

“ტოლობის ნიშნის დაყენება პოლიტიკურად აბსოლუტურად არასწორია, რადგანაც კონსტიტუციაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვართ ზუსტად ის ხელისუფლება და ეს ის ორი მოწვევა პარლამენტია, რომელმაც კონსტიტუციაში პირდაპირ ჩავწერეთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ნომერ პირველი ამოსავალი წერტილი გახლავთ დავალდებულება ჩვენი ხელისუფლების შტოებისთვის და ორგანოებისთვის, რომ ყველაფერი გააკეთონ, რადგანაც საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების ინტეგრაციაში იყოს წარმატებული. ასე რომ, ერთი, რომ აქ ტოლობის დატანება არ არის სწორი და მეორე, ნებისმიერი საკითხი, რომლის გადავადებაც დგას დღეს დღის წესრიგში, ეს არის იმ არსებული აუცილებლობიდან გამომდინარე, რომლის შიგნითაც თუ კი მხარეთა ნება, კომიტეტის შიგნით იქნება ეს თუ პარლამენტის, იქნება ცალსახა და აშკარა, ნებისმიერ საკითხზე ამ ვადის შიგნითაც შესაძლებელია საუბარი,” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა

პარლამენტში ბიუროს სხდომაზე დისკუსიის საგანი ორი თემა გახდა, პირველი ეხებოდა “ლელოს” მიერ ინიცირებულ რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს ეხება; მეორე სადავო თემა კი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის გადავადება იყო.

რაც შეეხება “ლელოს” რეზოლუციას, “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული რეზოლუციის პროექტი, რომელიც შინაარსობრივად ომში ჩადენილ დანაშაულების გამოძიებას გულისხმობს, არანაირ კავშირში არ არის მაგალითად ჰააგის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან. ეს უბრალოდ, მისივე შეფასებით, იქნება საქართველოს პარლამენტის მხრიდან მორალური მხარდაჭერა ომში მყოფი უკრაინის მისამართით.

“არანაირი კავშირი პარლამენტის მხრიდან რეზოლუციის მიღებას არ აქვს ჰააგაში მიმდინარე პროცესებთან. ჰააგა, ეს არის სრულად სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს, ხოლო საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია, ეს არის პოლიტიკური და მორალური შეფასების მიცემა იმისთვის, რაც უკრაინაში ხდება. სად წერია რეგლამენტში, რომ განხილვის გადავადების საფუძველი შეიძლება გახდეს პოლიტიკური პოზიცია? ეს არის თქვენი გუნდის პოლიტიკური პოზიცია, ეს არ არის პარლამენტის პოლიტიკური პოზიცია, ამიტომ მოდით ნუ გადავდებთ, განვიხილოთ და ჩააგდეთ,” – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” არგუმენტებს, უმრავლესობის დეპუტატები თვლიან, რომ ის, რომ სწორედ საქართველოს მთავრობა არის ჩართული ომში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ნაწილში, მათი შეფასებით, ახლა ყველაზე სწორი და ცალსახა პასუხია.

“პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოზიცია საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის უმრავლესობამ დააფიქსირა ძალიან მარტივად. როდესაც მთავრობა, რომელიც არის შექმნილი უმრავლესობის მიერ, იღებს გადაწყვეტილებას, რომ დაასპონსოროს სასამართლოში ომის დანაშაულებების შესახებ გამოძიება, ეს არის უკვე ავტომატურად “ქართული ოცნების”, საქართველოს მთავრობის და პარლამენტის უმრავლესობის პოზიცია. ეს შეგიძლიათ ჩათვალოთ ჩვენს პოზიციად. რაც შეეხება ამ რეზოლუციის განხილვას, მისი გადადება ამ ეტაპზე არის მიზანშეწონილი,” – აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button