მნიშვნელოვანისაქართველო

“პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე განახლდება” – გრიგოლ ვაშაძე

ოპოზიცია დღეს, 21 ივნისს, 19:00 საათზე კვლავ აქციას აანონსებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ  განუცხადა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, აქცია კვლავ პარლამენტთან გაიმართება.

სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მრავალსაათიანი შეტაკების, ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენების შემდეგ, პროტესტის მონაწილე რამდენიმე ათეული ადამიანის დაკავებით დასრულდა აქცია რუსთაველის გამზირზე, რომელიც 20 ივნისის საღამოს 7 საათზე დაიწყო პარლამენტის შენობასთან.

აქციაზე დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი, უმეტესად რეზინის ტყვიებით მიყენებული ტრავმით.

დაშავებულებს შორის არიან სამართალდამცავებიც. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

20 ივნისს, რუსეთის დუმის დეპუტატის გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან, მწვავე პროტესტი მოჰყვა. შესვენების შემდეგ სხდომა აღარ გაგრძელებულა, გავრილოვი და დუმის სხვა დეპუტატები იძულებულნი გახდნენ საქართველო დაეტოვებინათ. თბილისიდან გამგზავრებამდე, სასატუმრო “რედისონთან” მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სერგეი გავრილოვს ბოთლები და კვერცხები დაუშინეს.

ასამბლეის სხდომის გახსნის წინ, “ევროპულმა საქართველომ განაცხადა, რომ გავრილოვი აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, კი რუსი დეპუტატი ოკუპირებულ რეგიონში იმყოფებოდა და ამით დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ისინი მოითხოვდნენ, რომ გავრილოვი საქართველოში არ შემოეშვათ.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, სერგეი გავრილოვის მიერ კანონის დარღვევა არ დადასტურდა განსხვავებით დუმის ორი სხვა დეპუტატისგან, რომლებიც საქართველოში არ შემოუშვეს, გავრილოვისთვის აკრძალვის საფუძველი კი, არ არსებობდა.

“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სხდომა ბერძენ დეპუტატს უნდა წაეყვანა და იმის გამო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დუმის დეპუტატი აღმოჩნდა, შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
რუსი დეპუტატების საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, საქართველოს პარლამენტთან დაიწყო აქცია რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. აქციაზე მოითხოვეს პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა.
მოგვიანებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს შესთავაზა პარლამენტის შენობა დაეკავებინათ და მოთხოვნების შესრულებას იქ დალოდებოდნენ. პოლიციელებმა და სპცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს.
პარლამენტში შეჭრის რამდენიმე მცდელობის შემდეგ სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ორივე მხრიდან დაშავდა ათობით ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button